School Box- სასწავლო პროცესის გათანამედროვება, თუ კავშირი საარჩევნო უბნებს შორის

School Box- სასწავლო პროცესის გათანამედროვება, თუ კავშირი საარჩევნო უბნებს შორის

საქართველოს ხელისუფლება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საფუძვლიანად ემზადება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვოს, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან და დასრულებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე ზეწოლით. ყველამ კარგად ვიცით, რომ პედაგოგებს ნაცმოძრაობის ისეთი ცნობილი სახეები ხვდებიან, როგორებიც არიან გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. შეხვედრები ძირითადად რესტორნებში იმართება. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პედაგოგებისგან ითხოვენ, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ჯერ უნდა შემოხაზონ ხუთიანი და შემდეგ ბიულეტენს მობილური ტელეფონით გადაუღონ სურათი, რათა წარმოადგინონ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მართლაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს ხმა.

ამ ყველაფრის ფონზე განათლების სამინისტრო გამოდის ახალი ინიციატივით. მალე საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება. სამინისტროს ინფორმაციით, ყუთში ჩატვირთული თანამდეროვე სისტემა სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება.

უწყვეტი ინტერნეტკავშირი, ონლაინ შეფასებები, საკონტროლო სამუშაოები, კონფერენციები, ვიდეო გაკვეთილები - ეს არის ძირითადი მიზანი, რის განხორციელებაშიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი აპარატურა ე.წ. School Box-ი დაეხმარება. შედეგად, ხარისხობრივად გაუმჯობესდება სასწავლო პროცესი, ყველა მოსწავლეს  შესაძლებლობა ექნება უწყვეტ რეჟიმში ისარგებლოს ინტერნეტით, ადგილი აღარ ექნება ლოჯისტიკურ და ტექნიკურ ხარვეზებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად, საატესტატო გამოცდები სწორედ ახალი სისტემის გამოყენებით ჩატარდება. ახალი სასწავლო წლიდან კი, სკოლებში სასწავლო და შეფასებითი პროცესი School Box-ების დახმარებით, ელექტრონულად წარიმართება. სკოლები, მასწავლებლები, მოსწავლეები ინფორმაციებს ონლაინ რეიჟიმში მიიღებენ. ახალი სისტემა სკოლებს ასევე დაეხმარება  ჰქონდეთ მჭიდრო ონლაინკავშირი.

School Box-ების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად presage.tv საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ნინო პოტრჟებსკაიას განცხადებით, School Box-ი აღჭურვილი იქნება იმ მოწყობილობებით, რომლებიც სკოლას სჭირდება იმისთვის, რომ ჰქონდეს უწყვეტი ინტერნეტ-კავშირი. ეს არის პროცესორები, დამაჩქარებლები, wi fi და ა.შ. თითო სკოლაში თითო School Box-ი დაიდგმება. თავდაპირველად ეს პროცესი 1500 ყველაზე მსხვილ სკოლას მოიცავს და შემდეგ უკვე ეტაპობრივად მთელი საქართველოს სკოლებში განთავსდება. პოტრჟებსკაიას განცხადებით, სკოლებში ერთიანი ქსელი იქნება და ეს ხელს შეუწყობს სწრაფ ინტერნეტს, რაც საშუალებას მისცემს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომ ონლაინ საკონტროლო წერები ჩაატარონ, როგორ თბილისის მასშტაბით, ასევე ამგვარი ინტერნეტ აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს.

როგორც ქართული ანდაზა ამბობს, „თავის გატეხვას სახელის გატეხვა სჯობს“ და ჩვენი ხელისუფლების ყველა ქმედებაც, მით უმეტეს წინასაარჩევნო პერიოდის აქტივობები, არჩევნებისთვის მზადებასთან ასოცირდება. ამიტომ, როდესაც იგებ, რომ სკოლებს შორის უწყვეტი ინტერნეტკავშირი და ონლაინ კონფერენციის საშუალება იარსებებს, თავისთავად ჩნდება კითხვა, ინტერნეტით ხომ დღესაც არის სკოლები აღჭურვილი და რაში დასჭირდა ხელისუფლებას ინტერნეტის სიჩქარის დამატება? ხომ არ ემსახურება ეს იმ მიზანს, რომ არჩევნების დროს საარჩევნო უბნებს შორის (რომლებიც ძირითადად სწორედ სკოლებშია განთავსებული) უწყვეტი კავშირი და ინფორმაციის სწრაფად გაცვლის საშუალება არსებობდეს?

ამ აზრს იზიარებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც აცხადებს, რომ ერთი შეხედვით School Box-ის შესახებ ინფორმაციის გაცნობისას არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამგვარი რამ იგეგმება, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლება ყველაფერს არჩევნებს უკავშირებს და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, რამაზ საყვარელიძე ოპოზიციონერებს ურჩევს ეს ამბავი უყურადღებოდ არ დატოვონ.

მისი თქმით, თუ ეს პროცესი ამ ზაფხულს განხორციელდება, მაშინ დიდი შანსია იმისა, რომ ეს მართლაც არჩევნებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა.

„ვინაიდან სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მე ვურჩევდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების ადმინისტრირების კუთხით მუშაობენ, დაინტერესდნენ ამ საკითხით და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინონ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე presage.tv-სთან საუბარში.

პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“-ს ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, ის პრობლემები უნდა აღმოფხვრას, რომლებიც რეგიონების სკოლებს აწუხებთ და შემდეგ დაიწყონ სკოლებში School Box-ების დამონტაჟება. ნაჭყებია აცხადებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით სასწავლო დაწესებულებების აღჭურვა თავისთავად ძალიან კარგი პროცესია, მაგრამ მისი თქმით, განათლების სამინისტრო უთანაბრობის პრინციპს ამკვიდრებს, როდესაც სკოლების ერთ ნაწილს მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მეორეს, ანუ - რეგიონების სკოლებს. მანანა ნაჭყებიას თქმით, ინტერნეტი საქართველოს სკოლების 90%-ში. ხელმიუწვდომელია.

„მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ყველა სკოლა ერთნაირ პირობებში აღმოჩნდეს. მაგალითად, მე გარკვეული დროის წინ გახლდით ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში, სადაც საატესტატო გამოცდა არ ტარდება იმის გამო, რომ ურთის სკოლაში არ არის ინტერნეტი. ამიტომ, მოდით ჯერ ურთის სკოლას შევუქმნათ ელემენტარული პირობები და შემდეგ ვიფიქროთ დანარჩენი სკოლების School Box-ებით აღჭურვაზე. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად კარგი პროცესია, მაგრამ არ შეიძლება ერთ სკოლაში ასეთი აღჭურვილობა არსებობდეს, დანარჩენი სკოლები კი ასე იყვნენ ჩამორჩენილები“, - აცხადება მანანა ნაჭყებია presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, განათლების სამინისტროს უნდა სასურველი წარმოაჩინოს, როგორც რეალური. მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებამდე ჩვენ საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას თან სდევს ტექნიკური პრობლემები, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს პრობლემები მხოლოდ საფარია, სინამდვილეში კი საქმე სულ სხვა რამესთან გვაქვს.

კერძოდ, მანანა ნაჭყებია იხსენებს სტუდენტური დასაქმებისა და პირველკლასელების ონლაინრეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ეს ხარვეზები გასაღდა, როგორც ტექნიკური პრობლემები, მაგრამ მანანა ნაჭყებიას თქმით, ამ პროგრამებში წინასწარ იყო განსაზღვრული ვის სად უნდა გაევლო რეგისტრაცია.

სკოლების ინტერნეტიზაციის კატეგორიულად წინააღმდეგია პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, ყველა მშობლის სერიოზული პრობლემაა ის, რომ მისი შვილი კომპიუტერს არის მიჯაჭვული და ყველა ცდილობს ბავშვები დააბრუნონ წიგნთან. საქართველოს განათლების სისტემაში კი ისეთი ღონისძიებები ტარდება, რაც კიდევ უფრო აშორებს ბავშვებს წიგნს და კიმპიუტერთან მათ მიჯაჭვულობას უწყობს ხელს.