„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში, ქალაქ გორთან ახლოს მშენებარე, ქარის პირველი ელექტროსადგურისთვის 35 კვ-იან საკაბელო ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს, რომლის სიგრძე დაახლოებით 7,5 კმ იქნება. ქარის პირველი ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატს შეადგენს. ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსდება 6 ერთეული ქარის გენერატორი, თითოეულის სავარაუდო სიმძლავრე 3.45 მგვტ იქნება. ტურბინა-გენერატორები ერთმანეთს მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებით დაუკავშირდება, რომელიც შემდგომში, სსე-ის კუთვნილ ქვესადგურს „გორი-220“ მიუერთდება. პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ასევე განხორციელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სამონტაჟო სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ქარის ელექტროსადგური სსე-ის სადისპეტჩერო ცენტრს დაუკავშირდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.