გია ვოლსკი - ბიუროს სხდომაზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს

გია ვოლსკი - ბიუროს სხდომაზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს

ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად დაესწრებიან მმართველი გუნდის წევრები ბიუროს დღევანდელ სხდომას.

„ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს. არასდროს გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 15 აგვისტოს დანიშნულ ბიუროს სხდომაზე დასწრება უმრავლესობის წევრებმა პარტიული ღონისძიების გამო ვერ შეძლეს, რაზეც „წინასწარ იყო შეტყობინება გაგზავნილი“.

„ვთქვით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისთვის, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალურის მსგავსი სიტუაცია“, - აღნიშნა ვოლსკიმ. 

დღეს, 15:00 საათისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომის ნაცვლად დაინიშნა. 15 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა. სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ მივიდნენ, ვერ შედგა კვორუმი და სხდომა ჩაიშალა. 

ბიუროს მსჯელობის თემა ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ბიუროსმოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პარლამენტისადმი მიმართვა წარედგინება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.
თავის მხრივ, დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

უსუფაშვილმა კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, მის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.