გმირების გასაიდუმლოებული ისტორია და კიდევ ერთი დაღუპული ჯარისკაცის კიდევ ერთი დაშინებული ოჯახი (VIDEO)

გმირების გასაიდუმლოებული ისტორია და კიდევ ერთი დაღუპული ჯარისკაცის კიდევ ერთი დაშინებული ოჯახი (VIDEO)

ჰელმანდის პროვინციში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ვალერიან (ვალერი) ხუჯაძის ცხედრის ჩამოსვენებას მის მშობლიურ სოფელში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში დღეს ელოდებიან. ხუჯაძის ოჯახმა შვილის დაღუპვის შესახებ 25 აპრილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისგან შეიტყო. იმავე დღეს სამხედრო უწყების ვებგვერდზე სერჟანტ ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების შესახებ ცნობაც გავრცელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. „ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დაღუპული ჯარისკაცის საქართველოში ჩამოსვენებამდე „presage.tv“ შეეცადა მისი ბიოგრაფიული ცნობების შესახებ დეტალები საზოგადოებისათვის უფრო ნათელი გაეხადა და უცხო ქვეყანაში დაღუპული ქართველი გმირის სამოქალაქო ცხოვრების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. თუმცა, ამჯერადაც, როგორც 21 თებერვალს ასევე ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული ორი ჯარისკაცის - ვალიკო ბერაიასა და პაატა კაჭარავას ოჯახებში სტუმრობისას, ჟურნალისტებს ხელი სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებმა შეუშალეს.

სოფელ ნარაზენში მისულ „presage.tv“-ის ვალერიან ხუჯაძის ოჯახში ჭირუსუფალთან ერთად სენაკში მდებარე სამხედრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელი გოგა მოლაშხია დახვდა. ოჯახის უფროსი, ქაზიმ ხუჯაძე ჟურნალისტებთან შვილის შესახებ საუბარს გეგმავდა, თუმცა პოლიციელის მითითებას უსიტყვოდ დაემორჩილა და საბოლოოდ უარი განაცხადა. ძმის შესახებ საუბარი არ ისურვა სანდრო ხუჯაძემაც, რომელმაც მოლაშხიას „თხოვნა“ ასევე გაითვალისწინა და საუბრისგან თავი შეიკავა.

სამხედრო პოლიციის უფროსის, კოხტა კოდუას ხელქვეითს, რომელიც ცოტა ხნის წინ ზუგდიდის პოლიციის ნარაზენის ქვეგანყოფილებაში ინსპექტორის თანამდებობას იკავებდა, ასეთივე „თხოვნის“ სურვილი ჟურნალისტების მიმართაც გაუჩნდა.

გოგა მოლაშხიამ პრესის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება უბრძანა.

დაღუპული ჯარისკაცის ძმა, სანდრო ხუჯაძე ძმის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარს საჭიროდ მხოლოდ იმიტომ არ მიიჩნევს, რომ „ვინც საჭიროა, მან უკვე საკმარისად იცის. მოლაშხია კი ის პირია, რომელიც „თუ რამე სჭირდებათ, ეხმარება და პატივს სცემთ“.

ინფორმაცია კი, რომელიც ჟურნალისტებმა ვალერიან ხუჯაძის ბიოგრაფიიდან მოიპოვეს, ძალიან მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ეს მისი მესამე საკონტრაქტო ვადა იყო. 36 წლის ჯარისკაცი სამშობლოში 25 დღეში ბრუნდებოდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. ავღანეთში მსახურობდა ასევე სანდრო ხუჯაძეც, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჰელმანდის პროვინციაში მძიმედ დაიჭრა და მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. ახალი საკონტრაქტო ვადით ავღანეთში სამშვიდობო მისიას ის ცოტა ხანში კვლავ შეუერთდება. ხუჯაძეების ოჯახი აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ცნობილი მიწისძვრის შემდეგ, ზუგდიდის რაიონში 1989 წელს ჩამოასახლეს. ვალერიან ხუჯაძე და მისი სამი და-ძმა ნარაზენის საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.

რატომ ასაიდუმლოებს ხელისუფლება დაღუპული ჯარისკაცების ისტორიას და რატომ კრძალავენ საქართველოში გმირებს მალულად? ამის გარკვევას „presage.tv“ სამხედრო ექსპერტთან, ირაკლი სესიაშვილთან შეეცადა.

„ამ ხელისუფლების სენია ის, რომ საკუთარი დანაშაულისა და მოქმედებების აღიარება უჭირს. როგორ შეიძლება, როდესაც თავად ხელისუფლება და თითოელი მოქალაქე აღიარებს ამ ადამიანებს როგორც ომში დაღუპულ გმირებს, არ მიეგოს სათანადო პატივი, არ ვიცოდეთ ვინ იყვნენ ისინი, როგორ ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების ნათელი დამოკიდებულება ჯარისკაცისა და ზოგადად არმიის მიმართ.

თუ ჯარისკაცების მიმართ არ იქნება ღირსეული დამოკიდებულება, ეს ყველაფერი ნიშანი იქნება იმისა, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ეთაყვანებიან და არა არმიას. შეცდომაა ის, რომ ხელისუფლება არ აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას საშუალებას ღირსეული პატივი მიაგოს ყველა გარდაცვლილ ჯარისკაცს და თავისი ჩაკეტილობით ერთგვარად აგრესიას იწვევს ამ ქმედების მიმართ.

ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა არ გაეხმაურებინა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების ფაქტები იმის გამო, რომ ამას არ მოჰყოლოდა უარყოფითი დამოკიდებულება სამშვიდობო მისიისადმი. თავისთავად, თითოეული ჯარისკაცის დაღუპვას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება. ჩვეულებრივი მოვლენაა, და არა მარტო საქართველოში, ის, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ტირილით და გოდებით აცილებენ.

რა უფრო პრორიტეტულია საზოგადოებისათვის, ის რომ  ღირსეული პატივი მივაგოთ გმირებს, თუ ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური შიშები დავუცხროთ?!“