ბექა ნაცვლიშვილს, ნინო გოგუაძეს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

ბექა ნაცვლიშვილს, ნინო გოგუაძეს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ბექა ნაცვლიშვილს, ნინო გოგუაძეს და ირაკლი აბუსერიძეს საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ. მათი საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ამ მიზნით განცხადებებით მიმართეს. 

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა.

კითხვაზე, თბილისის საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები გაიმართება თუ არა 8 ოქტომბერს და ასევე, ვინ დასახელდებიან კრწანისის, გლდანისა და ისნის ოლქებში საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებად, ალიბეგაშვილს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი 1 თვე, რათა ჩამოყალიბდნენ, გამოყონ ის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის უბნებში მიიღებენ მონაწილეობას. დანარჩენს შემდეგ ამომრჩეველი გადაწყვეტს“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

გიორგი ალიბეგაშვილი შუალედური არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ვერ გეტყვით, ეს ცესკოს პრეროგატივაა. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ როდის დაინიშნება არჩევნები“, - განაცხადა ალიბეგაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატები წარადგინა.

თბილისის საკრებულოს 3 უკვე ყოფილი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე და ირაკლი აბუსერიძე საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიან კენჭს. ბექა ნაცვლიშვილი და ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონის ოლქებში არიან წარდგენილი, ხოლო ნინო გოგუაძე საბურთალოს რაიონის ოლქში.