შესაძლებელია მეორე ტური რამდენიმე ოლქში იყოს, მაგრამ ”ქართული ოცნების” კანდიდატების საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ ”ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.
როგორც გორგილაძემ აღნიშნა, ის წინააღმდეგია ყველა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის პროფესიულის, როდესაც ამ შემთხვევაში ხდება წარდგენილი კანდიდატების, სპორტსმენებად და მსახიობებად დაყოფა.
”ქართული ოცნების” ამ შემადგენლობას აქვს ის რესურსი, რომელიც კვალიფიციურად შეძლებს საკანონდებლო ბაზის შექმნას, რომელიც ჩაერთვება დებატებში კვალიფიციურად და კომპეტენტურად. ანუ ამის ნაკლებობა არ აქვს ”ოცნებას”. თბილისში და რეგიონებში მაჟორიტარებს აკისრიათ განსაკუთრებული მისია და ფუნქცია. მათ მოუწევთ ბრძოლა. აბსოლუტურად ყველა არის ბრძოლისუნარიანი, შესაბამისი წარმატებული გამოცდილების მქონე. ვფიქრობ, ”ქართული ოცნების” ეს შემადგენლობა ბევრად უფრო კვალიფიციურია, ვიდრე მთლიანად კოალიციის რესურსი, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტში”, - განაცხადა გორგილაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა რეალურია, თუმცა ეს არა კანდიდატების სისუსტით, არამედ კონკურენტული სივრცის შექმნითაა განპირობებული.
”მეორე ტურის შესაძლებლობა რეალისტურია და განპირობებულია კონკურენტუნარიანობით, საკონკურენტო სივრცის შექმნით. ესეც ხელისუფლების დამსახურებაა. ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, წარმოუდგენლად რთულად იყო საქმე და 2012 წლის არჩევნებს თუ არ ჩავთვლით, შეუძლებელი იყო სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხება. დღეს ვითარება სხვაგვარადაა. მე არ მგონია, რომ ”ოცნებას” რაიმე ტიპის პრობლემა შეექმნას. შესაძლებელია მეორე ტური რამდენიმე ოლქში იყოს, მაგრამ ”ქართული ოცნების” კანდიდატების საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება”, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.