სანამ ვინმე კრიტიკას დაიწყებს და ხმალს იშიშვლებს, ოდნავ მაინც ჩაიხედოს ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც პენსიონერთა დასაქმების პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ კრიტიკოსებს გამოეხმაურა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, პენსიონერთა დასაქმება ზოგადად არის ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში არის სახელმწიფო პოლიტიკა.
„ერთი მხრივ, ეს მოიცავს პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და საშუალო და ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. მეორე მხრივ, ეს პენსიონერებისთვის უბრალოდ შანსის მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს არის პროგრამა, რომელსაც „მეორე ცხოვრება“ ჰქვია, სადაც აღწერილია, რა ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პენსიონერებთან ერთი მხრივ, მათი დასაქმების და მეორე მხრივ, მათი გამოცდილების გაზიარების კუთხით“, -განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე მაგალითად მოიყვანა გერმანია, სადაც პენსიაში გასული სპეციალისტების დასაქმების სპეციალური ორგანიზაცია არსებობს.
„ მე პირადად გამომიყენებია ეს რესურსი, როდესაც საჩხერის საავადმყოფოში ვმუშაობდი. რამოდენიმე ათეული გერმანელი სპეციალისტი ჩამოვიყვანეთ, რომლებსაც შედარებით ზომიერი ანაზღაურება ჰქონდათ, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება თავისი ცოდნის გაზიარებაში“, - განაცხადა სერგეენკომ.