ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება „ცენტრისტებისთვის“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე საზოგადოების ზეწოლის შედეგია, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალური პრობლემები შეექმნათ პროდასავლური ოპოზიციისთვის.
"ჩვენ, ბედუკაძე-ხაჩიშვილის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით დღეს დილით შევიტანეთ საჩივარი, თუმცა ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება თამარ ჟვანიას ინიციატივა ნამდვილად არ ყოფილა, ეს მთავრობის ინიციატივა იყო. ზოგადად მთავრობის დაკვეთა იყო, რომ მაქსიმალური პრობლემები შეექმნას პროდასავლური ოპოზიციისთვის. ხაჩიშვილი და ბედუკაძე მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა მანამ, სანამ საზოგადოებრივი მოძრაობა არ დაიწყო. თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიების დოკუმენტების გადამოწმება არ ევალება. თუმცა, მე ხელთ მაქვს წერილი, სადაც საქმე შეეხება ”ნაციონალურ მოძრაობას”, როცა მან დეტალურად შეამოწმა ჩვენი წესდება და ხარვეზი დაგვიდგინა. ესაა ერთადერთი რამის მაჩვენებელი - ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება სრულ სინქრონშია ”ცენტრისტების” პრორუსულ მოწოდებასთან”, - განაცხადა გოგორიშვილმა.