ქართველი არასამთავრობოები ჰააგის სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას სთხოვენ. დღეს მათ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოქმედ პროკურორს, ისე მომავალ პროკურორს - ფატუ ბენსუდას პეტიცია (რომელიც ივნისიდან შეუდგება უფლებამოსილებას) გაუგზავნეს და 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება სთხოვეს. პეტიციას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია.
არასამთავრობოები ეჭვობენ, რომ თუ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოსა და პროკურორის ყურადღება შესუსტდება, ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიება შეწყდება. ამ ფაქტს კი, შეიძლება, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს კავკასიის რეგიონში, რომელსაც ბოლო ოცი წელია, არაერთი კონფლიქტი უნახავს და დაძაბულობა კვლავაც გრძელდება. ეს მაშინ, როცა აგვისტოს ომის დროს დაზარალებულები სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
Presage.tv „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.
- იმ შემთვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით ეფექტურ გამოძიებას არ აწარმოებს და არა სჯის დამნაშავეებს, შესაბამისად, უკვე ჰააგის სასამართლო ერთვება საქმეში. ასეთი რამ რამდენიმე ქვეყანაში უკვე განხორციელდა. ეს არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატი, რომ მათ სწორედ ასეთ საქმეებზე უნდა დაიწყონ გამოძიება. საუბარია მძიმე დანაშაულებზე, ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე.
თქვენი აზრით, საქართველოში დანაშაულის კვალი ვისკენ მიდის და რატომ არ ისჯებიან დამნაშვეები?
- საქართველოს მთავრობას არ შეუძლია, ან არ სურს იმ დამნაშავეთა დასჯა, რომელთაც ბრალი მიუძღვით ამ დანაშაულში. არ შეუძლიათ იმდენად, რამდენადაც ტერიტორია, სადაც არაერთი დანაშაული მოხდა, საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთაა, იმავე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, თუ შესაბამისი მტკიცებულებები არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზეც არიან დამნაშავეები, ამის გამოძიება უნდა დაიწყოს. სამწუხაროდ, ეს ჩვენ ვერ დავინახეთ. პირიქით, 2010 წელს მაქსიმალურად გასაიდუმლოვდა ის კორესპონდენცია ჰააგის სასამართლოსთან, რომელიც მანამდე საჯარო და ღია იყო. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე დავებს კონფიდენციალურს ხდის. ანუ, ჩვენს საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, რა ეტაპზეა საქმის მსვლელობა, საქმის წინასწარი გამოძიება. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს კი დამნაშავეთა დასჯა შეუძლია. ასეთი არაერთი ფაქტი არსებობს. იმავე ლიბიაში მომხდარი ბოლო მოვლენის დროს ცალკეული პირები დაკავებულები არიან.
რაც შეეხება აგვისტოს ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს, ამის გამო ჰააგის სასამართლო რუსეთის დასჯას გაბედავს?
- არსებობს ბერკეტები, რომლითაც მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა შესაძლებელია. კერძოდ, ის, რომ კონკრეტულ დამნაშავეებს არ შეეძლოთ ცივილიზებულ ქვეყნებში მგზავრობა, ასევე, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნან საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით და ეკონომიკური ბერკეტიც გამოიყენონ. სურვილის შემთხვევაში, ამის განხორციელება შესაძლებელია. ჰააგის სასამართლოსგან დაკისრებული პასუხისმგებლობა დამნაშავე პირთა დაკავებასაც ითვალისწინებს.
ქართული მხარე, ისევე, როგორც რუსული მხარე, ამ ომში საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს. არაერთი დასკვნა მიეძღვნა აგვისტოს მოვლენების გამოძიებას. ამის მიუხედავად, კითხვა კითხვად რჩება. მაშინ, როცა ორი „სიმართლე“ არსებობს, გამოკვლეული დოკუმენტების საფუძველზე, რისი თქმა შეგიძლიათ, რეალობა სადაა?
- ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ომის დროს, გარკვეულწილად, ყველა მხარეს ბრალი მიუძღვის, რაც ამ გამოძიების დროსაც გამოჩნდება.
საქართველოს ხელისუფლება რატომ არ არის დაინტერესებული ამ ფაქტის გამოძიებით?
- ფაქტია, რომ 2010 წლის ივლისში ცვლილებები შევიდა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რომლის თანახმადაც, მთელი ის გამოძიება, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის ღია და საჯარო იყო, დღეს უკვე დახურულია. არ გვაქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა გამოძიება და, რეალურად, რა ხდება. ანუ, მესამე, გარეშე პირს არანაირი ინფორმაციის მოპოვება არ შეუძლია, თუ საქართველოს ხელისუფლების ნება არ არსებობს. რატომ ხდება ამის გასაიდუმლოება, ჩემთვის, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს.
ეს ცვლილება ეხება ყველა საერთაშორისო ტრიბუნალს, როგორც ჰააგის, ისე - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. რატომ დადგა ამის აუცილებლობა მაინცდამაინც 2010 წელს მაშინ, როცა ჰააგის სასამართლომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულის სერიოზული გამოძიება დაწყებულიყო, ეს კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს. ხომ არ მალავს საქართველოს ხელისუფლება რაღაცას და ხომ არ ეშინია, რომ იმავე საზოგადოების მხრიდან არ გახდეს საჯარო რაიმე კონკრეტული ინფორმაცია?!
ზოგადად, ცნობილია, რითიც არის დაინტერესებული ჰააგის სასამართლო. ეს არის სწორედ სამშვიდობო მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტები, მათი სიცოცხლისა და ქონების განადგურება, ასევე, რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის შემთხვევები, რომლის გამოძიებასაც ითხოვს ჰააგის სასამართლო.
რუს სამშვიდოებოებზე თავდასხმის შემთხვევებს რომ იძიებენ, უფრო მეტი აქცენტი რატომ არაა ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე? თუ ეს, უბრალოდ, რუსული მხარისგან მიწოდებულ მცდარ ინფორმაციას ეფუძნება?
- ძირითადი ნაწილი, რაზეც ჰაგის სასამართლო მუშაობს, სწორედ სამშვიდობო მოსახლეობის დევნა და მათი გამოდევნაა. თუმცა, ასევე, მათი მანდატიდან გამომდინარე, ჰააგის სასამართლო, ასევე, დაინტერესებულია რუსი სამშვიდობოების ბედით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსი სამშვიდობოები დაღუპულები არიან.
მაგრამ, ალბათ, ჰააგის სასამართლოს კომპეტენციას სცილდება - იყვნენ კი რუსები ნამდვილად „სამშვიდობო“ მისიით საქართველოში?
- რა თქმა უნდა, რადგან ადამიანს როცა მინიჭებული აქვს (იმავე საქართველოს ხელისუფლებისაგან აღიარებული უფლება), რომ ისინი სამშვიდობოები იყვნენ, ხელისუფლება უნდა კისრულობდეს კიდეც გარკვეულ ვალდებულებებს მათ წინაშე.
თქვენ ბრძანეთ, რომ ქართულმა მხარემ დახურა და გაასაიდუმლოა აგვისტოს ომის დროინდელი მასალები, მაგრამ რუსული მხარე როგორ იქცევა? მათაც თუ გაასაიდუმლოეს მასალები? ესეც გვაძლევს თუ არა ეჭვის საფუძველს?
- ერთი მხრივ, რუსეთი თითქოს გამოძიებითაა დაინტერსებული, მაგრამ რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას და ქართული მხრიდან დამნაშავეთა დასჯას, თუკი ასეთი არსებობს. მეორე მხრივ, რუსული მხარე არაფერს აკეთებს. აქაც საუბარია იმაზე, რომ ორივე მხარე - ქართულიც და რუსულიც აგვისტოს ომის თემატიკას ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
აგვისტოს ომის დაწყებასა და მსვლელობაში თუკი ორივე მხარის დანაშაული გამოიკვეთება, ჰააგის სასამართლომ კონკრეტული პერსონალიების - პუტინ-მედვედევისა და სააკაშვილის პასუხისმგებლობა შეიძლება მოითხოვოს?
- იცით, რა არის? როცა უკვე კონკრეტულად დასრულდება გამოძიება, მაშინ გაირვევა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს შეიძლება იყოს დაბალი თანამდებობის პირი, უბრალო სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, ან კიდევ, - მაღალი თანამდებობის პირი. ამას არავინ გამორიცხავს. თუმცა, რამდენად შეუძლია ნებისმიერ სასამართლოს ამის ეფექტურად განხორციელება, ეს სხვა საკითხია.
ადრე ჰააგის ტრიბუნალის სახელწოდება ბევრად უფრო მკაცრად ჟღერდა. ტრიბუნალებს სამხედრო დამნაშავეების დახვრეტაც შეეძლოთ. ახლა რა ხდება?
- მთლად გაიოლებული არ არის, მაგრამ ბალკანეთში მსგავსი დანაშაულისთვის რამდენიმე ადამიანი დაჭერილია. საუბარია ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მაღალი თანამდებობის პირებზე. იმავე სერბიაში, ბოსნიაში, ხორვატიაში დაისაჯნენ ის ადამიანები, ვისაც კაცობრიობის წინაშე მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.