პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებს ამბროლაურის აეროდრომისა და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, გამოცხადდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ორი მიმართულებით - ესაა ამბროლაური და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
„დღეს მთავრობაზე ჩვენ გამოვიტანეთ ნებართვის მოწონება, რომლის მიხედვითაც ჩვენ გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს. მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისკენ. გამოტანილი იქნება ორი მიმართულება. ერთი - ეს არის ამბროლაური, სადაც 1100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ასევე, ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის გაფართოება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ავიაკომპანია ”ვიზეარი“ სექტემბერში ქუთასიდან შვიდი ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენას და სექტემბრიდან ევროპის მიმართულებით 23 სიხშირე იქნება, რაც, მინისტრის განცხადებით, „დადებითაც აისახება როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“.