რამაზ საყვარელიძე - საარჩევნო ხმების მოზიდვაში სპორტსმენები ყოველთვის სჯობნიან იურისტებს და ამ ხერხს მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იყენებს

რამაზ საყვარელიძე - საარჩევნო ხმების მოზიდვაში სპორტსმენები ყოველთვის სჯობნიან იურისტებს და ამ ხერხს მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იყენებს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ის, რომ ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაში სპორტსმენები და ხელოვანები არიან, დრამატული არაა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საყვარელიძემ განუცხადა, განსაკუთრებით მაჟორიტარული სისტემის საარჩევნო პროცესს ახლავს სპორტსმენებისა და ხელოვანების გამოჩენა, რადგან მათ ცნობადობას უფრო მოაქვს პარტიისთვის მანდატი ვიდრე, იურისტს ან ეკონომისტს. 

”სახელიანმა ადამიანმა უფრო დიდი შანსია მოიტანოს მანდატი პარტიაში, ვიდრე ადამიანმა, რომელიც უნდა გაეცნოს ამომრჩეველს პარტიის სახელით. სულ ახლახანს პოლიტიკაში შემოვიდა ადამიანი, რომელსაც სახელი განთქმული აქვს, როგორც ბრწყინვალე მომღერალსა და ქველმოქმედს. შემოვიდა თუ არა პოლიტიკაში, მიიღო საკმაოდ მაღალი რეიტინგი, იმიტომ რომ მას კარგი სახელი აქვს, ოღონდ სხვა სფეროებიდან. ამავე ლოგიკით იღებენ ხმებს სპორტსმენები და მომღერლები. იტალიის პარლამენტში ცნობილი მეძავი აიყვანეს იმის გამო, რომ სახელიანი იყო. ასე რომ, ეს მოვლენა არც ქართულია, არც ”ქართული ოცნებისაა” მხოლოდ და თან სდევს საარჩევნო პროცესს. ცნობადობის მხრივ სპორტსმენები და მსახიობები ყოველთვის სჯაბნიან იურისტებსა და ეკონომისტებს, ამიტომ ხდება ხოლმე აქცენტი ისე, რომ უმრავლესობა უნდა იყოს იმ სპეციალობის, რაც კანონშემოქმედებითობას, სახელმწიფოს შენებას სჭირდება, ხოლო საარჩევნო ხმების მოზიდვისთვის, შიგადაშიგ იყენებენ ამ ხერხს, სახელიანი ადამიანების ჩართვას. არც ისეთი დრამაა ეს მოვლენა, როგორც ხდება მისი დრამატიზირება”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ცნობადი სახეების შეყვანას სიაში პოლიტიკოსებს საზოგადოება და მისი გემოვნება აიძულებს. 

”საზოგადოება უბიძგებს პოლიტიკოსებს სპორტსმენები და ხელოვანები შეიყვანონ სიაში. საზოგადოებას სხვანაირი მენტალიტეტი რომ ჰქონდეს, შედეგიც სხვანაირი იქნებოდა. როცა სპორტსმენებსა და ხელოვანებს ვნახულობთ სიაში, იქ ბრალი საზოგადოებას უნდა დავდოთ, რომ არაკვალიფიციური კადრები მოსწონს მას. სამაგიეროდ ”ქართული ოცნების” შესანიშნავი ნაბიჯია სალომე ზურაბიშვილისთვის ადგილის დათმობა, რომლის კომპეტენციაც, პოლიტიკური კულტურა, ინტელექტი, პოლიტიკური და ქალური შარმი, ყველა კომპონენტი მაღალი რანგისაა და ამავე დროს ძალიან ცნობადი სახეა”, - განაცხადა საყვარელიძემ.