მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოში საარჩევნოდ რეგისტრირებულ პარტიებს უკავშირდება, ჩვენთვის დროულად და ოფიციალურად იყოს მოწოდებული, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანიას თქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-ელი აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პარტიას ”ცენტრისტები” ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ჰყავს, ცესკოსთვის ოფიციალურად ცნობილი არ იყო და ის მხოლოდ გუშინ, მედიასაშუალებების მეშვეობით გაიგეს.
მისივე განმარტებით, პარტია ”ცენტრისტებმა” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2 ივნისს მიმართა. ცესკოს შესაბამისმა სამსახურემა დოკუმენტაცია შეამოწმა და ყველა ის პროცედურა, რასაც ”საარჩევნო კოდექსი” საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისათვის მოითხოვს, იმ მომენტისათვის კანონშესაბამისად იყო განხორციელებული. ჟვანიას ცნობით, ”ცენტრისტებმა” ცესკოს წარუდგინეს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა, ასევე ოფიციალურ ბლანკზე პარტიის ოფიციალური ბეჭდით თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი განცხადება და პარტიის წესდება. ”ცენტრისტებმა” ცესკოს ასევე წარუდგინეს ნოტარიულად დამოწმებული ყრილობის ოქმი, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელის არჩევის თაობაზე.
ჟვანიამ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ცესკოს დროულად უნდა მიწოდებოდა.
”გუშინ, მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ 1-ელი აგვისტოს გადაწყვეტილებით ”ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა არ არის იურიდიული ძალის მქონე, რაც სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მხოლოდ გუშინ, მედიასაშუალებებით გახდა ცნობილი. ასეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იმ პოლიტიკური გაერთიანებების სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, რომლებიც როგორც იუსტიციის სამინისტროში არიან რეგისტრირებული, ასევე ამ რეგისტრაციის საფუძვეზე საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციაზე ტარდებიან, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებებიდან საარჩევნო ადმინისტრაციას დროულად და ოფიციალურად მოეწოდოს”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტები” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია უდევს, რომლის მიხედვით, პარტია ”ცენტრისტების” ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
”დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება ”ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, ”ცენტრისტების” რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნია ცესკოს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.