მთაწმინდის რაიონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” მას კონკურენტი არ დაუყენა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მას დაუჭირა მხარი. როგორც ზურაბიშვილი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, ასეთი მოლოდინი და იმედი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრს საკუთარი გეგმები გაცნო.
”რომ ვთქვა, არ ველოდებოდი „ოცნების“ გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი... მას შემდეგ რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთი გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა, თუნდაც მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე და სწორი გათვლის შედეგად. თუმცა გარანტია არ არსებობდა იმისა, რომ „ოცნება“ თავისი ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია პარტიულ ცხოვრებაში. პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი და არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე. ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში - პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ და ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას "უთმობდეს" ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტსაბჭოთა ცნობირებაში”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც მთაწმმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნავს, ამ ნაბიჯით ასევე მოხდა ქართული ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება.
”მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყომ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს.... პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრულ დუმილის ფონზე. ესეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთვის დამაიმედებელია და ამავდროულად ყველაზე საპასუხისგებლო”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.