ჩემი შეფასება ”ქართული ოცნების” როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული სიის მიმართ იქნება საერთო, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სახელსა და გვარს, ყველა ეს ადამიანი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დედაქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველი, ვინც ხმას მისცემს ”ქართულ ოცნებას”, ხმას აძლევს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას.
”ჩემი შეფასება ”ქართული ოცნების” როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სიის მიმართ იქნება საერთო, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ სახელსა და გვარს. ყველა ადამიანმა, ვინც შედის ”ოცნების” სიაში, ძალიან კარგად იცის, რომ შედის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაში. მოსახლეობა, რომელიც მისცემს ხმას ამ სიას ან მაჟორიტარს, არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ აძლევს ხმას, აძლევს ხმას ბიძინა ივანიშვილს. ამით, ისევე როგორც დეპუტატობის ის თითოეული კანდიდატი, რომელიც შედის სიაში, გნებავთ მაჟორიტარად, გნებავთ პარტიულ სიაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. თუ საქართველოს მოსახლეობა ისევ მისცემს ხმას იმას, რომ არასამართლებრივი, არადემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა გაგრძელდეს არაფორმალური მმართველობით, მაშინ ამ კანდიდატებს, როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ექნებათ შანსი. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, ამიტომ არ ეძებს „ოცნება“ პროფესიონალებს. მათთვის ეს არის სულ ერთი. მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი ადამიანის ნების განხორციელება. ეს არის მათი სურვილი. საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას ასეთი ტიპის მმართველობის პრინციპებს”, - განაცხადა გოგუაძემ.