აქ არიან ადამიანები, რომელთაც ვიცნობ და შემიძლია, მხარში ამოვუდგე მათ, რომ ისინი მართლაც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისა და დედაქალაქისთვის, - ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებიდან რამდენიმეს სხვადასხვა სფეროდან პირადად იცნობს.
„რამდენიმე მათგანთან 80-იან წლებში ერთად ვთამაშობდი რაგბს. მარიამ ჯაში ჩემი მოადგილე იყო წლების განმავლობაში. მისი დიდი წვლილია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარებისა და ასევე C ჰეპატიტის პროგრამის საწყისი სტადიის მოლაპარაკებებში. აქ არიან ადამიანები, რომელთაც ვიცნობ და შემიძლია მხარში ამოვუდგე მათ, რომ ისინი მართლაც სასარგებლო იქნებიან ქვეყნისთვის და დედაქალაქისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება მათი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, სერგეენკოს თქმით, კრიტიკა მრავალგვარი არსებობს და ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი მოისმინა.
„მათ შორის არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებისთვისაც რომ მეთქვა, ადამიანის ფიზიოლოგიური პულსი არის 75, წინასაარჩევნო მოსყიდვებში დამდებდნენ ბრალს. ასე რომ მე ვცდილობ, რომ ყურადღება არ გავამახვილო ასეთ რაღაცეებზე“, - განაცხადა სერგეენკომ.