თბილისის საკრებულოს სამ დეპუტატს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარადაა წარდგენილი, შეუძლიათ საკრებულო არ დატოვონ და არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შვებულებით ისარგებლონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ განუცხადა.
„სარჩევნო კოდექსი“ მხოლოდ და მხოლოდ მერსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ავალდებულებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში შეიჩერონ უფლებამოსილება. მსგავსი დათქმა საკრებულოს დეპუტატის შემთხვევაში არ არსებობს. კანონი ითვალისწინებს, რომ ისინი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე შვებულებაში უნდა გავიდნენ, თუმცა, ეს კანდიდატები ისარგებლებენ შვებულებით თუ მიიღებენ სხვა გადაწყვეტილებას, ეს ჩვენ მოგვიანებით გვეცოდინება. მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა თედო კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ დეპუტატები: ბექა ნაცვლიშვილი, ირაკლი აბუსერიძე და ნინო გოგუაძე საკრებულოს უფლებამოსილების შეუწყვეტის შესახებ მიმართავენ, ამ შემთხვევაში მათზე საკრებულო იმსჯელებს.
„თუ დეპუტატებმა საკრებულოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და მათი განცხადებები შემოვა, საკრებულოს იურიდიული კომისია, როგორც წამყვანი კომისია ამ საკითხზე იმსჯელებს და განსახილველად ბიუროსა და საკრებულოს სხდომას მიმართავს“, - აღნიშნა თედო კობახიძემ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატები: ბექა ნაცვლიშვილი, ირაკლი აბუსერიძე და ნინო გოგუაძე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თბილისში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა.