პარტია „ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის 21 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამირან გიგუაშვილი აღნიშნულ ოლქში „ქართული ოცნებიდან“ ლევან კობიაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება.
“ლევან კობიაშვილი ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო და ჩვენ მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდით, მაგრამ მან ვერ გაამართლა როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. დარწმუნებული ვარ, ვერც დეპუტატად გამოადგება გლდანელებს. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს როგორი სკანდალის და ხელების გადაგრეხვის ფონზე აირჩიეს ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ხელისუფლება აშკარად იყო ჩართული ამ პროცესში. მეტიც, კონკურენტის მხარდამჭერი დელეგატიც კი დააკავეს იმისათვის, რომ იგი როგორღაც აერჩიათ ამ პოსტზე. ამიტომაც თუ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნების ჩატარებასაც დაჭერებით, მუქარით და შანტაჟით აპირებს, ეს ცალკე მსჯელობის თემაა, სხვა შემთხვევაში კი, ლევან კობიაშვილს გლდანში გამარჯვების შანსი არა აქვს“, - აცხადებს გიგუაშვილი.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარების სია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ გუნდისათვის კანდიდატების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მათი მორჩილებაა და არა საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, ან რაიმე ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება.
“არ ვიცი, რისი შეთავაზება შეუძლია ლევან კობიაშვილს გლდანელებისათვის. მე ნაციონალური ხელისუფლების მმართველობისას, როგორც ადვოკატი სხვებთან ერთად გლდანელების ინტერესებს ვიცავდი და ვცდილობდი უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისგან ადამიანების გადარჩენას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იგივეს ვაპირებ პარლამენტში. დავიცვა ჩემი ამომრჩევლების ინტერესები და ვიმუშაო კანონებზე როგორც იურისტმა. გლდანელებმა კარგად იციან რა უმჯობესია მათთვის. მათ ყველაფერი ახსოვთ. ახსოვთ ის ხალხი ვინც მათ 2012 წლამდე იჭერდა და ისინიც ვისაც მათთვის ბოლო ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ. დარწმუნებული ვარ, გლდანელები არჩევანს სწორედ მათი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ გააკეთებენ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, -აცხადებს ამირან გიგუაშვილი.