თინა ხიდაშელი „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციაზე - უნდა დადგეს ცესკო-ს პასუხისმგებლობის საკითხი

თინა ხიდაშელი „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციაზე - უნდა დადგეს ცესკო-ს პასუხისმგებლობის საკითხი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის აზრით, „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარების გამო ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

როგორც ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რაზეც საჯარო რეესტრი საუბრობს, ცესკოს „ცენტრისტები“ რეგისტრაციაში არ უნდა გაეტარებინა.

„არ უნდა გაეტარებინა რეგისტრაციაში. მაგალითად, საინტერესოა, ვინ აწერდა ხელს დოკუმენტაციას, როცა პარტიას უფლებამოსილი პირი არ ჰყავს? შესაბამისად რეგისტრაციაში გატარების საკითხი არ უნდა დამდგარიყო. ამის გამო ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, - ამის შესახებ განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების განმარტებით, თემურ ხაჩიშვილს პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარი 1-ელ აგვისტოს ეთქვა.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-ში განუცხადეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალ გარემოებაზე, რომელზეც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი და რომლის მიხედვითაც, „ცენტრისტებს“ ხელმძღვანელი პირი არ ჰყავს, იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.