უმრავლესობა ცესკოს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მიმართავს

უმრავლესობა ცესკოს „ცენტრისტების“ რეგისტრაციის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მიმართავს

პარტია ,,ცენტრისტებთან” დაკავშირებით საჯარო რეესტრის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება. როგორც დეპუტატმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უმრავლესობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ცენტრისტების“ რეგისტრაციის გადაწყვეტილების ხელახალი გადახედვის მოთხოვნით მიმართავს. 
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სასამართლოებსაც მიმართონ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, ბესელიას ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.
”საკონსტიტუციო სარჩელი მზადდება, ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია. რაც შეეხება ახალ გარემოებას, რომელიც გამოიკვეთა საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაისინჯოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება. ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართავთ ცესკოს და დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ სასამართლოებსაც”, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.