პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას

პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას

პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა, ცესკო იმსჯელებს იმ ახალ გარემოებაზე, რომელზეც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი და რომლის მიხედვითაც, „ცენტრისტებს“ ხელმძღვანელი პირი არ ჰყავს.

ამასთან, ცესკოს განმარტებით, პარტია რეგისტრაციაში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ივნისში გატარდა, საჯარო რეესტრის მიერ 1-ელ აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება კი, რომლითაც თემურ ხაჩიშვილს პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, მათთვის ცნობილი დღეს გახდა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიას პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ სახელით პარტიის ოფიციალური ბლანკის და ბეჭდის გამოყენებით 2016 წლის 2 ივნისს მიმართა თემურ ხაჩიშვილმა. მან წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები. წარმოადგინა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პიროვნება არჩეული იყო პარტიის თავმჯდომარედ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 20 ივნისს, სავალდებულო გახდა ის ნორმა, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელი პირის მონაცემებში შეტანილი ცვლილებები მოქმედებს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი საჯარო რეესტრის 1-ელი აგვისტოს გადაწყვეტილება. ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ცესკო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, უმოკლეს დროში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ, თუმცა შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მსჯელობის შედეგად „ცენტრისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას, დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტია „ცენტრისტებს“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, - ამის შესახებ განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების განმარტებით, თემურ ხაჩიშვილს პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარი 1-ელ აგვისტოს ეთქვა.