ლევან ბერძენიშვილი - ნინო ბურჯანაძე საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ დებატებზე ნუ იოცნებებს, თუ უნდა, ირმა ინაშვილს ედებატოს

ლევან ბერძენიშვილი - ნინო ბურჯანაძე საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ დებატებზე ნუ იოცნებებს, თუ უნდა, ირმა ინაშვილს ედებატოს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს ურჩევს, საქართველოს უბლოკო სტატუსის შესახებ დებატებზე ნუ იოცნებებს და თუ უნდა, ირმა ინაშვილს ედებატოს.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის თაობაზე მსჯელობის დაწყება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელმაც ეს კურსი პლებისციტის შედეგებით განსაზღვრაა.

„ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც პლებისციტით არის დადასტურებული და რომელიც ასოცირების შეთანხმებით არის გამოხატული. ამ საკითხზე დებატებზე ნუ იოცნებებს ქალბატონი ნინო, თუ უნდა ირმა ინაშვილს ედებატოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ნინო ბურჯანაძე პროდასავლურ ძალებს, რომლებიც უბლოკო სტატუსის იდეას ეწინააღმდეგებიან, საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
„მოიყვანეთ თქვენი არგუმენტები, რომლითაც მოსახლეობას მისცემთ მყარ საფუძველს იფიქროს, რომ თქვენ ხართ მართლები, რომ ნატო და ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი ხსნა, მე და ჩემი მეგობრები კი მოვიყვანთ ჩვენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, მაგრამ მისი გადარჩენა არის არც ამერიკის შტატობა, არც რუსეთის გუბერნიობა, საქართველოს გადარჩენა არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის წარმოება და საქართველოს გადარჩენა არის სწორედ ის, რომ გამოაცხადოს უბლოკო სტატუსი. ბუნებრივია, მე არ მაქვს არც თოქ-შოუებში მონაწილეობის პრობლემა, თუმცა თოქ-შოუ მოსახლეობას ვერ აძლევს სრულყოფილ ინფორმაციას, გთავაზობთ გავმართოთ გნებავთ კონფერენცია, გნებავთ დისკუსია, გნებავთ ანალიზი, რომელიც სრულად გადაიცემა ეროვნული მაუწყებლების მიერ პირდაპირ ეთერში“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.