დავით უსუფაშვილი ბიუროს ჩაშლილ სხდომაზე - გადავამოწმებ, თუ ყოფილა შემთხვევა, როცა უმცირესობასთან ერთად უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს

დავით უსუფაშვილი ბიუროს ჩაშლილ სხდომაზე - გადავამოწმებ, თუ ყოფილა შემთხვევა, როცა უმცირესობასთან ერთად უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს

მე გადავამოწმებ ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს, - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ ჩაშლილ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

”მოგესალმებით ვითარების უცნაურობაში. ამ უცნაურობას რამდენიმე რამ განაპირობებს - პირველი 15 აგვისტოა და ამ დროს პარლამენტი, როგორც წესი, საზაფხულო არდადეგებზეა, თუმცა, ბიუროს დღევანდელი სხდომის დანიშვნა განაპირობა ერთმა კონკრეტულმა საკითხმა, რომელსაც სჭირდება კანონით დადგენილ ვადებში განხილვა. ამიტომ შეგაწუხეთ. ირაკლი ჩიქოვანი მსაყვედურობა, ხომ დაგვპირდი ოლიმპიადის დღეებში აღარ შეგვაწუხებო და რატომ გვაწუხებო? - ჯერ ერთი, დაგპირდით ნაკლებად შეწუხებას და მეორეც, ვალდებულება გვქონდა შეკრების. უცნაურობა სხვა ფაქტორით უფრო არის განპირობებული, რადგან ბიუროს დღევანდელ სხდომას არ ესწრება ორგანიზებულად არამხოლოდ უმცირესობა, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის ვითარებაშია, არამედ არ იმყოფება უმრავლესობაც. პაატა ბარათაშვილს ვხედავ აქ და ბატონ აჩბას, რომლებიც არიან ”ოცნების” წარმომადგენლები, ”მრეწველებიდან” არის ბატონი ზურაბ ტყემალაძე, ასევე ვხედავ ”რესპუბლიკელებს”, ”ეროვნული ფორუმის” და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს. მე გადავამოწმებ ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს. მე როგორც გავარკვიე საორგანიზაიცო დეპარტამენტში, რაიმე შეტყობინება იმის თაობაზე, თუ ვინ რატო არ ესწრება, არ შემოსულა”, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, უმრავლესობა ბიუროს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო.

”შევხვდი გია ვოლსკის, რომელთან ერთად გავიარეთ ის საკითხი, რომელზეც დღეს უნდა შევკრებილიყავით. შევჯერდით, რომ დღეს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომა მოგვეწვია. შესაბამისად, საქმის კურსში ყველა იყო. ტელეფონით ვცადე კიდევ დაკავშირება, თუმცა ვერა და არ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ბიუროს სხდომას ვერ ჩავატარებთ, რადგან კვორუმთან ახლოსაც კი არ ვართ”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.