საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელთან, მათ შორის, რა თქმა უნდა რუსეთთან, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ აჭარამ საკუთარი დიდება დაიბრუნოს, რომელიც მას სამართლიანად ეკუთვნის, საქართველოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება
”იმისათვის, რომ ჩვენ ამას ყველაფერს მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამ მიმართულებით საამაყო. ჩვენ შევძელით, გონივრული პოლიტიკით ერთის მხრივ შეგვენარჩუნებინა ჩვენი თანმიმდევრული სვლა ევროპისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ და მეორეს მხრივ შევძელით, რომ დაგვეწია დაძაბულობა რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში. საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელთან, მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთთან. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ეს არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ჩვენ ნამდვილად ვართ ის მთავრობა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია. „ჩვენ გვიახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს საკუთარი ბრძნული არჩევანი - რა გზას ვირჩევთ ჩვენ? ვირჩევთ გზას, რომელიც სწრაფ განვითარებას იძლევა, რომელიც თითოეულ ოჯახში მოიტანს კეთილდღეობას და რომელიც ადამიანის უფლებებს აყენებს როგორც უზენაესს, ჩვენი მომავალი ნაბიჯების მთლიან სპექტრში, თუ ჩვენ ვირჩევთ სხვა გზას?! მე მგონია აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.