ჩვენ შევქმენით პირობები იმისათვის, რომ სულ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს აჭარაში

ჩვენ შევქმენით პირობები იმისათვის, რომ სულ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს აჭარაში

გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმისთვის, რომ ეკოლოგიური გაჯანსაღება მოხდეს ჩვენი ზღვისპირა კურორტების, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

”რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ სოფლის მეურნეობას. ნებისმიერი დარგი, რომელიც არ უნდა დაასახელო, პერსპექტიულია აჭარაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეს, როგორც არასდროს, იმხელა ყურადღება ექცევა საქართველოში სოფლის მეურნეობას. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც გააჩნია საქმიანი ინიციატივა, შესაძლებელია მიიღოს შეღავათიანი, პროგრამული დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ ჩვენ ამ მიღწევებით თვითკმაყოფილი არ ვართ. ჩვენ უფრო სწრაფი განვითარება გვჭირდება და ამისთვის ჩვენ გაგვაჩნია პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რა თქმა უნდა შეკრული გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმისთვის, რომ ეკოლოგიური გაჯანსაღება მოხდეს ჩვენი ზღვისპირა კურორტების და ყველაფერი ამის შედეგად, აჭარა დაიმკვიდრებს მთელი ევროპის მასშტაბით და ასევე სამეზობლოს მასშტაბით, იმ სახელს, იმ დიდებას დაიბრუნებს, რომელიც მას ნამდვილად, სამართლიანად ეკუთვნის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.