არ შეიძლება გამუდმებული გამოცდები და ტესტირებები იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება

არ შეიძლება გამუდმებული გამოცდები და ტესტირებები იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება

არ შეიძლება გამუდმებული გამოცდები, ტესტირებები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება, - ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დიდ ყურადღებას დაუთმობს მათ პროფესიულ განვითარებას და უმაღლესი განათლების სფეროში შეიტანს ძირეულ რეფორმებს.

”ჩვენი განათლების რეფორმირების შედეგად ავწევთ ჩვენი პედაგოგის, ჩვენი მასწავლებლის პრესტიჟს. არ შეიძლება გამუდმებული გამოცდები, ტესტირებები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება. რა თქმა უნდა ჩვენ დიდ ყურადღებას დავუთმობთ მათ პროფესიულ განვითარებას და უმაღლესი განათლების სფეროში შევიტანთ ძირეულ რეფორმებს, როდესაც მოთხოვნადი დარგები უფრო მეტად იქნება წახალისებული, როდესაც უმაღლესი სასწავლებლის კურსადმთავრებული ადამიანი პირდაპირ დასაქმდება და იქნება კონკრეტული მოთხოვნა ამა თუ იმ დარგზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება დანაშაული ჩავიდინოთ ჩვენი ახალგაზრდობის წინაშე და 4 წლის მანძილზე ილუზიაში ვამყოფოთ ისინი, ვაიძულოთ, რომ გაიღონ უკანასკნელი სახსრები იმისთვის, რომ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც რეალურად არ არის მოთხოვნადი. ამიტომ აქ საჭიროა ძირეული რეფორმა იმისთვის, რომ პირდაპირ დასაქმდეს უმაღლეს განათლება მიღებული ადამიანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობამ აუცილებლად უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება ახალგაზრდობის მომავალს და განათლებას. „სიამაყით მინდა ვთქვა, რომ აჭარაში არაერთი სკოლა აშენდა, გარემონტდა და დღეს, ჩვენი მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს აღარ უწევთ 5, 7 თუ 10 კილომეტრის ფეხით გავლა იმისთვის, რომ სკოლაში მივიდნენ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.