საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აჭარის მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ჩვენი განვითარების პროგრამის ქვაკუთხედი გახლავთ თითოეული ადამიანის ძირეული უფლებები და მისი პატივისცემა; ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არარად აგდებს ადამიანს, მის ღირსებას; არცერთი ხიდი, ესტაკადა, გზა, კოშკი არ ღირს დაჩაგრული ადამიანის დაღვრილ ცრემლად"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარლებს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, როგორც მიღწეულ პროგრესს, ისე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
"დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. არსად ისე არ იგრძნობა ქართული სული, როგორც აქ აჭარაში. ქართული ცნობიერება ვერასოდეს ვერავინ შეარყია, როცა საქართველოს უჭირდა აჭარლები - ქრისტიანები, მუსლიმანები ყველანი ერთად იდგნენ ჩვენი სამშობლოს მიწა-წყლის ერთიანობის სადარაჯოზე. დიდი მადლობა ამისთვის! ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით თქვენი პატრიოტიზმის წინაშე! მეგობრებო, დღესაც გვაქვს გამოწვევები.
დღეს გვაქვს გამოწვევა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მშვიდობიანად უზრუნველვყოთ და ამისთვის უნდა ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო. ამიტომ, აქაც თქვენი იმედი გვაქვს. 4 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მოვახდინეთ ძირეული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ავირჩიეთ სრულიად ახალებური მოდელი, რომელიც არ უგულებელყოფს ადამიანის უფლებას. მოდელი, რომელიც თითოეული ადამიანის თავისუფლებას, მის ძირეულ უფლებებს სცემს პატივს.
ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება, მაგრამ არ გადაივლის საკუთარ მოქალაქეებზე. სწორედ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ ყველანი ერთად. სწორედ ამისთვის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა.
ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ უკანასკნელი გროშების გაღება, საკუთარი ბინების დაგირავება იმისათვის, რომ საკუთარი შვილის, დედის, მამის ჯანმრთელობა უზრუნველყონ და დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში - ვახტანგ წულაძე; ბათუმის 69-ე ოლქში-ილია ვერძაძე; ბათუმის 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე; ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე; ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე; ხულოში, შუახევსა და ქედაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.