საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიერ დასახული გეგმების მისაღწევად, საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა აჭარაში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობისთვის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა ვერ შენარჩუნდება, თუ სახელმწიფოს ყველა მეზობელთან არ ექნება ნორმალური ურთიერთობა.
"ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამ მიმართულებით საამაყო. ჩვენ შევძელით გონივრული პოლიტიკით, ერთი მხრივ შეგვენარჩუნებინა თანმიმდევრული სვლა ევროპისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ და მეორე მხრივ, შევძელით, რომ დაგვეწია დაძაბულობა რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში.
საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმლური, მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთთან. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ან სუვერენიტეტის ხარჯზე. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს",- განაცხდა პრემიერმა.
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აჭარის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში- ვახტანგ წულაძე; ბათუმის 69-ე ოლქში-ილია ვერძაძე; ბათუმის 70-ე ოლქში - ნუგზარ სურმანიძე; ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე; ხელვაჩაურში - მერაბ კარანაძე; ხულოში, შუახევსა და ქედაში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.