საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აჭარაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
პრემიერის განცხადებით, ბათუმის 68-ე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფატი ხალვაში იქნება.
"ქალბატონი ფატი გახლავთ პარლამენტის წევრი, ბათუმელები მას კარგად იცნობთ. გულისხმიერი ადამიანია, დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ბათუმელებს და აჭარლებს.
ბათუმის 69-ე ოლქში ჩვენი პარტიიდან წარმოდგენილი იქნება ბატონი ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე. იგი ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი გახლავთ, თავის პროფესიაში წარმატებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს პარლამენტშიც.
ბათუმის 70-ე ოლქში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს მუხრან ვახტანგაძე. ბატონი მუხრანი ამჟამად აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენის უფროსი გახლავთ. სპორტსმენი კაცია, მსოფლიო თასის მფლობელია, ბათუმელია და კარგად იცის ბათუმელების პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ამ ადამიანებით იამაყებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქობულეთში პარტიის სახელით არჩევნებში გამარჯვებისთვის კობა ნაკაიძე იბრძოლებს.
"კობა ნაკაიძე გახლავთ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. ბატონ კობას ყველა კარგად იცნობს ქობულეთში, მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ნამდვილად იძლევა იმის გარანტიას, რომ ქობულეთელებს საიმედო წარმომადგენელი გეყოლებათ პარლამენტში.
ხელვაჩაურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ილია ნაკაშიძე. ბატონი ილია ამჟამად გახლავთ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, წესიერი და პრინციპული ადამიანია, რაც ძალიან საჭიროა პარლამენტისთვის.
ხულოში, შუახევსა და ქედაში ”ქართულ ოცნებას” წარმოადგენს ბატონი ანზორ ბოლქვაძე. იგი გახლავთ ხულოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ახლა მას მოუწევს წარმოადგინოს შუახევისა და ქედის ამომრჩეველთა ინტერესებიც. დარწმუნებული ვარ, ბატონი ანზორი კარგად გაართმევს თავს ამ საპატიო მოვალეობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას.