საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ფონდი "ქართუს" მიერ მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მინიატურების პარკი ბევრ ქვეყანას არ აქვს და ეს მართლა ფუფუნებაა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამ საჩუქრისთვის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს" მადლობა გადაუხადა.
"მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ "ქართუს" საჩუქარია. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის”,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პარკის მშენებლობაზე 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის დახარჯული.
"ეს პარკი არის ტურისტულ-რეკრეაციული დანიშნულების, ახალი ტურისტული მიმართულება, სადაც მინიატურულ განზომილებაშია წარმოდგენილი საქართველოს კულტურული, ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები. ამგვარი პარკები ბევრ ქვეყანას არ აქვს და ეს არის მართლაც ფუფუნება. იქ, სადაც ასეთი პარკებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ტურიზმისთვის, ტურისტების მოზიდვისთვისა და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ "ქართუს”, -განაცხადა კვირიკაშვილმა.