სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს, სტურუას საქმის გამოძიებას პირადად გავაკონტროლებ

სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს, სტურუას საქმის გამოძიებას პირადად გავაკონტროლებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სოფელ დაფნარში, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეს, პირად კონტროლზე აიყვანს.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს.

"ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. პოლიციელი, რომელზეც არის საუბარი, თანამდებობიდან გადაყენებულია. გამოძიება, რა თქმა უნდა, ჩატარდება და სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში, ხელს არავის დააფარებს. გამოძიების მიმდინარეობას პირადად გავაკონტროლებ",- განაცხადა ყვეყნის პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდამ წერილი დატოვა, სადაც პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებდა. წერილით ირკვევა, რომ სამართალდამცველი მას თანამშრომლობას სთხოვდა იმის დასადგენად, თუ ვინ მოიხმარდა სოფელში მარიხუანას.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელმა, გამოძიების დასრულებამდე, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.