სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს მასშტაბით 208 დიპლომატი გაიწვია. აქედან 32-მა მათგანმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მათი ექსტრადირების მიზნით უწყება იმ ქვეყნებთან მუშაობს, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებიან.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში მომუშავე ორმა თურქმა სამხედრო ატაშემ ოჯახებთან ერთად იტალიას შეაფარა თავი. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 60 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დააპატიმრეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.