ადვოკატი - ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია

ადვოკატი - ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია

ე. წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლო სხდომა 21 სექტემბრისთვის გადაიდო.  როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატმა ნანა ფილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე კვლავ არ მომხდარა იმ ბრალდებულთა საქმის გამოყოფა, ვისთანაც, მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმება ფაქტობრივად, მიღწეულია. 

ადვოკატ ნანა ფილაურის თქმით, დღევანდელ პროცესზე მოხდა ასევე ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვა და მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი თავისი ინიციატივით განიხილა და პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები. რაც შეეხება საქმის გამოყოფას, კვლავ არ მომხდარა ბრალდებულთა საქმის გამოყოფა იმ ბრალდებულების მიმართ, ვისთანაც საპროცესო შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია“, - განაცხადა ადვოკატმა ნანა ფილაურმა.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის თქმით კი, პროკურატურა ამ დრომდე აღარ საუბრობს საქმის გამოყოფის შესახებ.

„ბრალდების მხრიდან პროცესზე გახდა საჯარო, რომ აპირებთ საპროცესო შეთანხმებას და 3 პირზე საქმის გამოყოფას, თუმცა ეს თემა მიჩუმდა და საერთოდ აღარ არის საუბარი“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.