გორში ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის უფროსმა პარტია დატოვა და ”ქართულ ოცნებას” შეუერთდა

გორში ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის უფროსმა პარტია დატოვა და ”ქართულ ოცნებას” შეუერთდა

გორში ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის უფროსმა და საკრებულოს წევრმა დავით წეწვაძემ ”თავისუფალი დემოკრატების” რიგები დატოვა და ”ქართულ ოცნებას” შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დავით წეწვაძე ავრცელებს. 

მისი თქმით, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი 2009 წლიდან იყო, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

”მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი 2012 წელს, მე ამ პარტიასთან ერთად ვიდექი გუშინდელ დღემდე. განვითარებული მოვლენები ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ჩემს გუნდთან ერთად მოტივირებული ვიყავი გამარჯვებისთვის, თუმცა, ისევე როგორც ჩემს უკან მდგომი თანაგუნდელები, იმედგაცრუებულები დავრჩით. მე ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ პარტიაში. ჩემთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობასთან“ მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიაში ყოფნა. მე ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც მე „ბინძურ თამაშს“ ვუწოდებ. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ და შევუერთდე „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. 

მინდა მივმართო ირაკლი ალასანიას, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” გორის ორგანიზაციაში დარჩენილი პარტიის თითოეული წევრის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს. არ დავუშვებ, რომ რომელიმე მათგანი მოტყუებული დარჩეს. 

ამ წუთიდან, მე ჩემს რესურსს ჩემი ქალაქის კეთილდღეობისთვის პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრის ამპლუიდან მოვახმარ”, -აცხადებს დავით წეწვაძე.