მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პოლიტიკურმა პარტიამ ”ჩვენი სამშობლო” მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნით უკრაინის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, შეინარჩუნოს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა და „დამნაშავე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცეს“. 

მომიტინგეებს უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ერთობლივი პეტიცია გადასცეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ტრისტან წითელაშვილის თქმით, წერილს თან ერთვის იმ პირების 100 000 ხელმოწერა, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდნენ.

დიპლომატის თქმით, ის აქციის მონაწილეთა პეტიციას უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას გააცნობს, რადგან ეს მისი ვალდებულებაა, თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას, ეს საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის. 

აქციის მონაწილეებს უკრაინის საელჩოსთან მიტანილი ჰქონდათ მოთხოვნის შესაბამისი შინაარსის ბანერები.