საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალია" გახსნა.
პრეზიდენტმა კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს მიმართა.
"თქვენ უნდა მიხვიდეთ ქალაქებში, სოფლებში, უნდა ელაპარაკოთ ხალხს და დაარწმუნოთ ისინი, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი. უნდა მოუწოდოთ კარგად მოუსმინონ პოლიტიკოსებს, მათ დაპირებებს, რამდენად რეალურია დაპირებები და შესრულებადია ეს დაპირებები, უნდა დაარწმუნოთ ხალხი, რომ ამაში დეტალურად ჩაიხედონ",-განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია.
"დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ უნიკალური მისიისთვის, რადგან ყოველი მოქალაქე არის ვალდებული ამავე დროს შექმნას თავისი სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ გამოწვევებში. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ თხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, თქვენ ერთადერთს გააკეთებთ - თხოვთ მოქალაქეებს, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან, როგორც მომავალი საქართველოსი. თქვენ გააკეთებთ ამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ.
თქვენ უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა არის მათი წმიდათაწმინდა ვალდებულება. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია და ჯერ ვერ აურჩევია პოლიტიკური ლიდერი. მაგრამ ისევე, როგორც ის მაისურები, რომლებიც თქვენ გაცვიათ და რომელზეც წრე ახატია, დემოკრატიაც არის მთლიანი, წრისებრი, გამაერთიანებელი, როგორც ქართული პოლიფონია, როგორც ქართული მუსიკა - ბევრი ხმა ერთიანობას, ჩვენს მშვენიერ კულტურას ქმნის, ასევე დემოკრატიამ უნდა გააძლიეროს საქართველო და ამ არჩევნების მეშვეობით წინ წაწიოს ჩვენი ქვეყანა.
თქვენ თვითონ მოიფიქრებთ, რანაირად დაარწმუნოთ ამომრჩეველი. თქვენ შეგეკითხებიან, რატომ უნდა მისცენ ხმა. თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ პასუხები. მე მჯერა, რომ იმ დღეების განმავლობაში, რომელსაც თქვენ აქ გაატარებთ, მოიფიქრებთ, რა პასუხები გასცეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნებში მონაწილეობა და პასუხი არის ერთი - თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე და თუ შენ არ ირჩევ ლიდერებს, შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე“, - მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.
პროექტი „შენი ხმა - ჩვენი მომავალი” - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანია, რომლის ორგანიზატორიც არის "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი" მოიცავს საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემებზე ლექციების და შეხვედრების მოწყობას, ასევე ტრენინგების ჩატარებას კომუნიკაციისა და ლიდერობის თემებზე.
პროექტი საქართველოს რვა ქალაქში ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მოწყობას გულისხმობს.