პრემიერი:  ბაკურიანი, როგორც დავოსი შვეიცარიაში, უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად

პრემიერი: ბაკურიანი, როგორც დავოსი შვეიცარიაში, უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევითა და კერძო სექტორთან სწორი პარტნიორობის შედეგად, ბაკურიანში განვითარების სერიოზული ბუმია.

მისი თქმით, კოხტა-მიტარბის მიმართულება ვითარდება, კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს დასასრულს უახლოვდება, რის შედეგადაც, მთლიანი კომპლექსი იკვრება.

"ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების. სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ სწორი პარტნიორობის მოდელები კერძოს სექტორთან. ვითარდება კოხტა მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს, სეზონზე იქნება დასრულებული, მთლიან კომპლექსად იკვრება შემართებელი საბაგიროს მეშვეობით. კეთდება მართლაც უნიკალური ძალიან ლამაზი ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამური ტრასებები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ლამაზი არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს ყოველივე იმ სწორი პარტნიორობის შედეგად განხორციელდა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

"კერძო სექტორი განვითარების მასტერკლასის მიხედვით ახალ სასტუმროებს აშენებს. შენდება გასართობი ცენტრები, შოპინგისთვის სპეციალური ნაგებობები, იმისათვის, რომ ტურისტებს შეეძლოთ გართობა. ასევე, დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელზეც ზაფხულის და ზამთრის ატრაქციონი იქნება. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივმა ოჯხაურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიცავს ბორჯომის სასტუმროებსაც.

"ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო ავტობუსი, რომელიც ტურისტებს მოემსახურება როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონული საკონფერენციო და საკონვერციო ცენტრი, როგორიც ეს არის დავოსი შევეიცარიაში და მას ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა პრემიერმა.