საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო და თავად სასამართლოშიც აშკარად არაჯანსაღი ვითარება შეიქმნა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
დეპუტატის აზრით, ”საჭიროა ყველა ღრმად დაფიქრებით მოიქცეს და გააკეთოს ძალიან მოზომილი განცხადებები, ხოლო ამ განცხადებებში აქცენტი მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე გაკეთდეს”.
”ერთი მხრივ, პოლიტიკოსების, ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფების განცხადებები, მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებები, მესამე მხრივ, მოსარჩელეების განცხადებები, როდესაც მათთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომელიც ასევე მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სარჩულს უდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი ჯგუფის ფაქტობრივი დაპირისპირება მეორე ჯგუფთან - ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა სახელმწიფოსთვის. ამ ვითარებამ ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. თუკი ეს ვითარება არ გამოსწორდა, სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მთლიანად დაკარგავს ავტორიტეტს და არ ვიცი, ამის შემდეგ როგორ შეიძლება საქმეს ეშველოს. ამიტომ საჭიროა ყველა მოიქცეს ღრმად დაფიქრებით და გააკეთოს ძალიან მოზომილი განცხადებები, ხოლო ამ განცხადებებში აქცენტი მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე გაკეთდეს. თავად სასამართლოც ზუსტად ასევე უნდა იქცეოდეს. სასამართლოს თუ ცალკეულ მოსამართლეთა ქცევა არანაირ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, რომ ამ ქცევას პოლიტიკური საფუძველი აქვს”, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
დეპუტატი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება ეწურება და ახალი მოსამართლეების დანიშვნა ხდება.
”მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მოსამართლეების შეცვლა, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს დაეტყობა, რომ მისმა არც ერთმა მოქმედებამ საზოგადოებაში ეჭვი არ წარმოქმნას”, - აღნიშნა ხმალაძემ.