ბლოკმა ”ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი” არასამთავრობოებთან წინასაარჩევნო პრობლემები განიხილა

ბლოკმა ”ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი” არასამთავრობოებთან წინასაარჩევნო პრობლემები განიხილა

ბლოკი ”ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი” დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების - ”საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ”ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის” ლიდერმა, ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან წინასაარჩევნო პერიოდი და ის პრობლემები განიხილეს, რაც ახალ პარტიებს აქვთ.

ვაშაძის თქმით, მთავარი პრობლემა სარეკლამო დროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას ეხება, რომ პარტიებმა რეკლამის საფასური წინასწარ გადაიხადონ, რაც, მისივე განცხადებით, პარტიას დიდ პრობლემას უქმნის.

როგორც ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელმა, საარჩევნო პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა განაცხადა, როგორც სატელევიზიო, ისე გარე რეკლამა ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის ხელმიუწვდომელია.

”ჩვენი საუბარი შეეხო რეკლამის საკითხს. ბლოკის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა არის ხელმიუწვდომელი ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის”, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, ამ პრობლემის მოგვარება 2016 წლის არჩევნებისთვის ვერ მოესწრება.

ახალი პოლიტიკური ცენტრი -” გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ნინო დარსაველიძის განცხადებით, თუ რაიმე დარღვევა დაფიქსირდება, ბლოკი ”ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი” არასამთავრობო ორგანიზაციებთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

”ჩვენ ვისაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიაზე და ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოზე. თუ ჩვენ დავაფიქსირებთ დარღვევებს, უსამართლო ფაქტებს აუცილებლად შედგება თანამშრომლობა ჩვენსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ”, - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი-”გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო დარსაველიძემ.