უნდა შევთანხმდეთ - პრობლემა გვაქვს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე საერთო სასამართლოებში, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, კლასიკური კითხვა, რომელიც ამ პროცესების შეფასებისას დაისვა, ასეთია - კუბლაშვილი-პაპუაშვილის სასამართლო ჯობია თუ მურუსიძე-ტურავასი.
”ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ პრობლემა გვაქვს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოში და საერთო სასამართლოში. დღეს კლასიკური კითხვა, რომელიც ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს არის ასეთი - კუბლაშვილი-პაპუაშვილის სასამართლო ჯობია თუ მურუსიძე-ტურავასი. ეს კითხვა დაახლოებით ასე ჟღერს - სადისტის ცოლი უფრო პატიოსანია თუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი? არც ის იყო კარგი და ის სისტემა, რაც მიშამ ააშენა დასანგრევია, მაგრამ არც ის არის კარგი, რაც დღეს იბადება. პრინციპი, რომ ჩემი მამაძაღლი მირჩევნია სხვის მამაძაღლს, სახელმწიფოებრივად არასწორია. ჩვენ სასამართლოში გვინდა პატიოსანი ხალხი, რომლებიც ემსახურებიან კანონს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. ეს პროცესი დღეს არ არის მთლად ჯანსაღი და ამის ინდიკაცია არის მურუსიძე საერთო სასამართლოებში და ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც თითქოს დაჩაგრული იყო თავის დროზე, თუმცა მის პრინციპულობაში ეჭვი მეპარება და გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი. პაპუაშვილი კი იმსახურებს იმას, რასაც იღებს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, გამოსავალი არის სასამართლო სისტემაში ჩატარდეს ძირეული რეფორმა, თუმცა, პოლიტოლოგის აზრით, ამის პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს.
”ძველი მამაძაღლები გავუშვათ და ახლები მოვიყვანოთ? შედეგი ეს იქნება? შედეგი უნდა იყოს ერთადერთი - ქართული სახელმწიფო ვდგავართ ძალიან სერიოზული განსაცდელის წინაშე და აქედან გამომდინარე, მთლიანად სასამართლო უნდა რეფორმირდეს როგორც საერთო სასამართლოების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილში. კოსმეტიკურად შეცვლა და უბრალოდ ერთი კომფორტისტების მეორეთი ჩანაცვლება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ეს მთლიანად უნდა დაინგრეს და ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი ინსტიტუტები. სხვა გზა არ გვაქვს. მესმის, ეს ტექნიკურად რთულია, მაგრამ ამის გარეშე ერთი უბედურებიდან გადავალთ მეორე უბედურებაში. თუ რამდენად არის პოლიტიკური ნება, ეს არის მთავარი საკითხი. პოლიტიკური ნება ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტის, არასდროს ემთხვევა სახელმწიფო ინტერესს, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ინტერესი, ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ინტერესს. ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ ამ მანკიერი, მახინჯი წრიდან მესამე ათწლეულია ვერ გამოვდივართ”, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი.
”ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს ამ მხრივ ტემპერატურის აწევისთვის. ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია - ნაბან წყალს ბავშვს ვაყოლებთ. მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შესაძლებელია იყოს მართებული, აქ არის დარღვეული ბალანსი პოლიტიკურ ინტერესსა და სახელმწიფო ინტერესს შორის. ცოტა ხნის წინ, ხელისუფლება მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ ვიღაც ახდენს ინსტიტუტების დისკრედიტაციას. იგივე ძალიან ინტენსიური კამპანიით ხელისუფლება კვლავ დაკავებულია, მაგრამ ეს არ მიკვირს, რადგან ქართული პოლიტიკური ელიტა ვერასდროს ატარებდა ზღვარს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესსა და სახელმწიფო ინტერესს შორის და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ინტერესი უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი”, - აღნიშნა ექსპერტმა.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.