ოთარ კახიძე - მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტები არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ხელისუფლებას გააჩნია

ოთარ კახიძე - მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტები არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ხელისუფლებას გააჩნია

”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა უნდა დაასაბუთოს, თუ როგორ ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, რადგანაც ზეწოლის ყველა ბერკეტი არა ოპოზიციურ პარტიას, არამედ ხელისუფლებას გააჩნია, - ასე უპასუხა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ოთო კახიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრს სოფო კილაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან.

ოთო კახიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ”ქართული ოცნების” წევრების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლის რამდენიმე ფაქტიც დაასახელა და აღნიშნა, რომ როდესაც მოსამართლეები ითხოვენ, პროკურატურას გადაეცეს უფლება, თუ როდის დაიწყონ საქმეების განხილვა მოსამართლეებმა, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლებაა ზეწოლის მთავარი ავტორი. 

”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ განახორციელა ზეწოლა მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძეზე 2012 წლის დეკემბერში. კოტე კუბლაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე გამოუძიებელია მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლა. 

”ქართული ოცნების” ხელისუფლების საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებმა გამართეს უკანონო აქციები მოსამართლეების სახლებთან, როდესაც სხვადასხვა საგნებს ესროდნენ მოსამართლეების სახლებს და მათი ოჯახის წევრებზე ახორციელებდნენ ზეწოლას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა ეს საქმე არის დღემდე გამოუძიებელი. 

ეს არის ორი ფაქტი, როდესაც ზეწოლის ფაქტები პირდაპირ ვიხილეთ ჩვენ. აგრეთვე „ქართული ოცნების“ დანიშნულმა მოსამართლემ, მერაბ ტურავამ, შეგნებულად გააჭიანურა გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა გაეხანგრძლივებინათ უგულავას პატიმრობა. 

ჩვენ ვიცით რომ უკვე დასრულებული ”რუსთავი 2“-ის საქმე მერაბ ტურავამ ისევ ხელახლა განახილინა მოსამართლეების პლენუმს. 

ამიტიმ, როდესაც ზეწოლაზე საუბრობს ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ეს მინიმუმ არაეთიკური და არასერიოზულია. გარდა ამისა, მან უნდა დაასაბუთოს თუ როგორ ხორციელდება ზეწოლა, რადგან არანაირი ბერკეტი ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია. შსს, პროკურატურა და ძალოვანი უწყებები სწორედ ხელისუფლების ხელშია.
როდესაც მოსამართლეები ითხოვენ, რომ პროკურატურას გადაეცეს იმის უფლება, თუ როდის დაიწყონ საქმეების განხილვა, ეს პირდაპირი მტკიცერბულებაა რომ ხელისუფლებაა ზეწოლის მთავარი ავტორი”, - განაცხადა ოთო კახიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან , - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა. 

სოფო კილაძემ ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკა, რომელიც, პოლიტიკური საბჭოს წევრის შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე იყო უმცირესობის მხრიდან. 
„კერძოდ, თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა 2013-2014 წლებში შეტანილი სარჩელები დღესაც განუხილველია. ათეულობით თვე სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელების განხილვისთვის. ძალიან ბევრი დღესაც დაუსრულებელია, ძალიან ბევრი ჯერ კიდევ არ არის წარმოებაში მიღებული, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას ორ საქმეზე დაახლოებით სამ თვემდე ვადა დასჭირდა სასამართლოს იმისთვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, სულ მცირე ექვსი თვე მაინც იყო საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.