დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით მომზადებული სარეფერენდუმო კითხვა, ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში განსაზღვრას ნიშნავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა განუცხადა, თუკი მოსახლეობა, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, დადებით პოზიციას გამოხატავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ქორწინების საკითხის პრინციპის დონეზე აღიარება სურს, რაც, მისივე თქმით, კონსტიტუციის ნაწილია.
“მხარს ვუჭერ იმას, რომ ქორწინების დეფინიცია ძირითად კანონში - საქართველოს კონსტიტუციაში განისაზღვროს. რაც შეეხება გზას, თუ როგორ მოხდეს ეს - რეფერენდუმის გზით, თუ პირდაპირ პარლამენტის მიერ ძირითად კანონში ცვლილებების შეტანით, ჩემთვის ორივე გზა მისაღებია. მომზადებული სარეფერენდუმო კითხვა შინაარსობრივად ქორწინების საკითხის კონსტიტუციაში განსაზღვარს ნიშნავს, რადგან იერარქიულად ქვედა კანონებით ის უკვე განსაზღვრულია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.