ამ ტიპის შეტევით თუ გათავისუფლებებით მე და ”რესპუბლიკელებს” ვერაფერს დაგვაკლებენ

ამ ტიპის შეტევით თუ გათავისუფლებებით მე და ”რესპუბლიკელებს” ვერაფერს დაგვაკლებენ

”რესპუბლიკური პარტიის” არც ერთი წევრი სკამით არ შექმნილა, ჩვენ პოლიტიკური გზა გავლიეთ უსკამოდ, უთანამდებობებოდ, ამიტომ ამ ტიპის შეტევით თუ გათავისუფლებებით მე და ”რესპუბლიკელებს” ვერაფერს დაგვაკლებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”მთავარი” განაცხადა, როდესაც ხარაგაულში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დღეს ხარაგაულში მოვლენები როგორც განვითარდა, საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებას ქმნის.

”ჩვენ ასეთი საქართველოსთვის არ ვიბრძოდით 2012 წელს. ჩვენ ვიბრძოდით საქართველოსთვის, სადაც მრავალპარტიულობა უნდა იყოს ნორმა და არა აუცილებელი უბედურება, რომელსაც ადამიანები, ჩემი კოლეგები კოალიციიდან როგორც ჩანს იტანენ მანამ, სანამ ეს უკიდურესად აუცილებელია, ხოლო როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, მაშინვე ხდებიან ერთპარტიული. 

მე არ მეგონა, რომ ჩემივე კოლეგები მეტყოდნენ იმას - იცით რა, პარტიული ნიშნის გამო ახლა ვიღაც არ უნდა იჯდეს აქ და უნდა იჯდეს იქ, იმიტომ, რომ არჩევნები მოდის და მხოლოდ ერთ პარტიას აქვს პრივილეგია, უფლება, საშუალება, მას უნდა ჰქონდეს ყველა ადგილი და სკამი, ახლა აღარ სჭირდება სხვა ადამიანები, რომლებიც მანამდე სჭირდებოდა. ეს არის ქვეყნისთვის ცუდი, თორემ ”რესპუბლიკური პარტიისთვის” ირაკლი სესიაშვილი, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდა, რაც დღეს ხარაგაულში გააკეთა, თუ მან გააკეთა. რომ ყოფნოდათ ხმები, მაშინაც გაგვიკეთებდნენ ძალიან კარგ საქმეს, იმიტომ, რომ ვერ ხვდება ეს ხალხი, მსგავსი ქმედებებით საკუთარ თავს ვნებენ საბოლოოდ არჩევნებში. ასე იყო ყოველთვის, ასეთი რიხით გველაპარაკებოდა ძალიან ბევრი უმრავლესობები, რომლებიც ცდილობდნენ ყველა დანარჩენი კეთროვნად გამოეცხადებინათ და მხოლოდ საკუთარი თავი დაენახებინათ მოსახლეობისთვის, როგორც ერთადერთი და განუმეორებელი და შედეგი რა იყო? თავად ხდებოდნენ კეთროვნები და საზოგადოებას, ხალხს მათ გარდა ყველა სხვა ერჩია”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას არ სურს ეს დასასრული შედგეს და არ უნდა, რომ ხარაგაულები ბევრგან განმეორდეს. მისივე თქმით, რაც მეტს ასეთს გააკეთებს ხელისუფლება, მეტად დაიზიანებს თავს და მეტ სარგებელს მისცმს ”რესპუბლიკელებს”.

”მაგრამ არ მინდა მე სარგებელი სახელმწიფოს და ქვეყნის დასუსტების ხარჯზე. მე მინდა ჩვენ გავძლიერდეთ. ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური კონკურენციით”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ითხოვდა , თუმცა, საბოლოოდ, თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. 

საკრებულოს სხდომას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოწევა პოლიტიკურად მოტივირებულია.