ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები განიხილოს, როგორც დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები განიხილოს, როგორც დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები განიხილოს, როგორც დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი. ამის შესახებ ანა დოლიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით ლევან მურუსიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

”ლევან მურუსიძემ კომენტარებში არაერთი შეფასებითი განცხადება გააკეთა. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ლევან მურუსიძე არის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოქმედი მოსამართლე, მოსამართლეს ჩვენი ეთიკის სტანდარტებით ეკრძალება რაიმე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. ეს პროცესი, რომელიც მან შეაფასა, არანაირად არ უკავშირდება მის საქმიანობას, როგორც მოსამართლის, იმიტომ, რომ მურუსიძემ არაერთხელ გაკეთა საჯაროდ პოლიტიკური განცხადება და იღებს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას, მე მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს, განიხილოს ეს როგორც დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი და ჩაერიოს ამ საკითხში”, -განაცხადა ანა დოლიძემ. 

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭო დაკომპლექტებულია მრვალმხრივი, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან და შესაბასამისად, იმედი აქვს, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდებიან როგორც სხვა შეტყობინებებს დისციპლინური გადაცდომის შესახებ, ასევე კონკრეტულად ამ შეტყობინებას, ლევან მურუსიძის, როგორც მოსამართლის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებს. 

ლევან მურუსიძემ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებზე დღეს ისაუბრა.

”გამოჩნდა ისიც, რომ რეალურად ვისაც დაუწერეს მაღალი შეფასებები და ამ მაღალი შეფასებების შედეგად ისინი დასახელებულნი იყვნენ კანდიდატებად სტრასბურგის სასამართლოში, მე არ ვიძახი, რომ ისინი ცუდი იურისტები არიან. ყოველ შემთხვევაში არ ჰქონდათ იმხელა გამოცდილება, რომელიც დააკმაყოფილებდა სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ამიტომ არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელიც არის პროფესიონალი, კომპეტენციაში დაუწერო ნული, იმიტომ, რომ ის არ მოგწონს პიროვნულად, რომ მან მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, უნდა იყვნენ ობიექტურები შეფასებაში და საქმიანობაში”, -განაცხადა მურუსიძემ.