თავდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრების შეცვლას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ირმა ნადირაშვილი და სერგი კაპანაძე ეხმაურებიან. მათი განცხადებით, მინისტრთა შეცვლა ქვეყანაში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან მას არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს.
"წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. იზორიას მინისტრად დანიშვნა, თავდაცვის უწების მიმართ ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
ზოგადად, ივანიშვილის მარიონეტების გადაადგილება არ ცვლის ვითარებას და ვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
სერგი კაპანაძის თქმით კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეცვლა ვერ იქნება ამ უწყების პოლიტიკის შეცვლის საფუძველი.
"რეალურად პოლიტიკა იგივე რჩება, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო. მინისტრის მოადგილის მინისტრად გადაყვანა ფუნდამენტურად არაფერს შეცვლის",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.