უნდა დადგეს იმ ადამიანების სისხლისამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც უზრუნველყოფს და ახდენს ჩვენი ქვეყნის საიდუმლოებების გამჟღავნებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებას და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომას შეეხებოდა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნება არასწორი და დამახინჯებული სისტემის შეცვლა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების გზით.
„მე მინდა გამოვეხმაურო ამბავს, რომელიც გუშინ გამჟღავნდა. ეს ეხება თავდაცვის სისტემაში ძალიან საშიში ადამიანის წვდომას, რომელიც იყო ორგანიზებული თავდაცვის ორგანოს მიერ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ ოთხი წლის განმავლობაში სრულიად მოშლილია. ადამიანები, ვინც მართლა ძალიან ღირსეულად ემსახურებოდნენ ამ სისტემას, არიან დევნილები ან გამოგდებულები, ხოლო ადამიანები ძალიან საეჭვო და საშიში რეპუტაციით, კავშირებით რუსულ სპეცსამსახურებთან აქ მუშაობენ და გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა ეს. ამ ყველაფრით ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოების სისტემას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ თუ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ასე მუშაობს, მაშინ შეიძლება ძალიან ბევრი ფაქტი არსებობდეს, რაც სერიოზულად აზიანებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ეს საზოგადოებამ არ იცის.
„ნორმალურ ქვეყანაში ასეთ შემთხვევაში უნდა დადგეს იმ ადამიანების სისხლისსამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც უზრუნველყოფს და ახდენს ჩვენი ქვეყნის საიდუმლოების გამჟღავნებას. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ოთხი წლის განმავლობაში არის ორიენტირებული არა დაზვერვით საქმიანობაზე და საფრთხეების ნეიტრალიზაციაზე, არამედ ოპოზიციის დევნასა და ვიწრო პარტიული მიზნების შესრულებაზე. გამოსავალი იქნება ამ არასწორი, დამახინჯებული სისტემის შეცვლა არჩევნებში ჩვენი გამარჯვების გზით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.