მიმდინარეობს „რესპუბლიკური პარტიის “ პოლიტიკური დევნა და ამას „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს

მიმდინარეობს „რესპუბლიკური პარტიის “ პოლიტიკური დევნა და ამას „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება სამნიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა და აღნიშნულის მაგალითად დღის წესრიგში ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენება დაასახელა.

„მე და დეპუტატები - ნოდარ ებანოიძე და თამარ ხიდაშელი ხარაგაულში, საკრებულოს სხდომას დავესწარით. ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რომ აეხსნათ რა არის საკრებულოს თავმჯდომარის, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ინგა მაღრაძის გადაყენების მოთხოვნის საფუძველი, ვერ ერთმა პირმა, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი საკითხი დააყენა, ეს ვერ დაასაბუთა. არც ერთმა არ თქვა მიზეზები, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს და მეტიც, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ინგა მაღრაძის, რომელიც 2 წელია ხელმძღვანელობს საკრებულოს და არის წარმატებული თავმჯდომარე. მის მიმართ არ არის არც ერთი საფუძვლიანი ბრალდება თუ არგუმენტი, რაც მაძლევს საფუძველს ვივაურაუდო, რომ ეს არის დავალება. ეს არის სიგნალი პარტია „ქართული ოცნებიდან“, თუ როგორ აპირებს ისი წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია - როგორც კი ჩვენ აღმოვჩნდით კონკურენტულ რეჟიმში, დააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ის არის სხვა პარტიის წარმომადგენელი. სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ, არ დაუსახელებიათ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე შეფასებით, ეს სიგნალი სახიფათოა, რაზეც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან პასუხს მოითხოვს.

„სამწუხაროდ, ეს არის სიგნალი, რომ ამ ტიპის პოლიტიკური დევნა შეიძლება გაგრძელდეს, თუ ამას არ გაეცემა კონკრეტული პასუხები, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებიდან, რადგან, ჩანს, რომ ეს არის პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებული გადაწყვეტილება და არა ადგილზე მიღებული. ძალიან სამწუხარო და სახიფათოა ამ ტიპის გადაწყვეტილებები და პოლიტიკური დევნა. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ამ ტიპის კამპანიას გეგმავს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა სამნიძემ.