პრემიერ-მინისტრს თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელების დასანიშნად 2-კვირიანი ვადა აქვს

პრემიერ-მინისტრს თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელების დასანიშნად 2-კვირიანი ვადა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალი თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დასანიშნად 2-კვირიანი ვადა აქვს.

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერი ახალ მინისტრს სწორედ 2-კვირის ვადაში ნიშნავს. იგივე ნორმა წერია „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის“ შესახებ კანონში.

აღნიშნულის შესაბამისად, თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის შემცვლელები გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა წარადგინოს, ამ პერიოდში კი თავდაცვის მინისტრის მოვალეობას დავით ებრალიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას კი ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებს.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

კიდევ ერთმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა გადაწყვიტა, რითაც „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო. აგულაშვილი ”ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან” გეგმავს თანამშრომლობას.