“აი, ქალაქი, რომელიც ახალგაზრდობისას სიზმარში ვნახე, ოცნების ქალაქი, სადაც უცბად, უცნობ, საოცარ უბანს ხვდები. მინდა, დავბრუნდე, მაგრამ ვიპოვი ამ უბანს? თბილისში ვიპოვე ჩემი ოცნების ქალაქი - 2002 წლის ზაფხული, თბილისი, რუსთაველის გამზირი”.
ასეთია გერმანულენოვან ქვეყნებში ქართული ლიტერატურის აგენტის რახელ გრაცფელდის პირველი ჩანაწერი და მოგონება თბილისზე პრესა.გე-სთვის. საქართველოში პერიოდულად ჩამოდის, როგორც ლიტერატურული აგენტი, გერმანულენოვან სამყაროსა და საქართველოს შორის ლიტერატურულ ურთიერთობებს აგვარებს. წარმოადგენს ჭაბუა ამირეჯიბს, აპირებს, გერმანელ გამომცემლებს “დათა თუთაშხია” გააცნოს და მას პოპულარიზაცია გაუწიოს.
მისი დახმარებით, გერმანულ ენაზე უკვე გამოიცა აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”. ქალბატონ რახელს საქართველოში ერთ-ერთი საქმიანი ვიზიტისას გოეთეს ინსტიტუტში შევხვდით, ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა დროის უქონლობის გამო, მასთან შეხვედრა ვეღარ მოხერხდა. ქართული ლიტერატურის აგენტი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ გამომცემლობაში მუშაობს. გთავაზობთ ელექტრონული ფოსტით ქართულ ენაზე ჩაწერილ ინტერვიუს რახელ გრაცფელდთან.
- “დავიბადე 1960 წელს ორენოვან (ფრანგულ/გერმანულ) ვალისის კანტონში, შვეიცარიის სამხრეთში, რომლის მთები, ვენახები და თავნება ხალხი საქართველოსას ჰგავს. მამაჩემი გერმანელია და მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ორი უმცროსი ძმა მყავს, ერთი ბოტანიკოსია, ლონდონში ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს, სხვათა შორის, თბილისის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად პროექტს განახორციელებს.
მე დიპლომიანი ზოოლოგი ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დროს უკვე გამომცემლობაში ვმუშაობდი. ციურიხში ვცხოვრობ, არ მომწონს, მაგრამ სამუშაოს გამო იძულებული ვარ ამ უგულო ქალაქში ვიცხოვრო. ამჟამად, ვმუშაობ ქალაქ ცუგის სასკოლო გამომცემლობაში (Klett ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობებიდან გერმანულენოვან სამყაროში) როგორც პროგრამის ხელმძღვანელი. კარგი და საინტერესო სამუშაოა, მაგრამ ჩემი სული და გული აქ არ არის.
თავისუფალ დღეებს ვუძღვნი ლიტერატურას, სააგენტოს საქმიანობას, ვკითხულობ, ვუკავშირდები გამომცემლებსა და შემფასებლებს, ვიკვლევ. მგონი, “ვორკაჰოლიკი” ვარ, მაგრამ “თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით “იჭმევაო”.
ვიცი, რომ პირველად საქართველოს მიხელ ჯავახიშვილის ნაწარმოებიდან გაეცანით, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს?
1980-იანის ბოლოს ყურბან საიდის „ალი და ნინოს“ და მიხეილ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძის“ გერმანული თარგმანის რედაქტირება მოვახდინე, საიდანაც საქართველოს არსებობის შესახებ შევიტყვე. მას შემდეგ ვცდილობდი, ბევრი რამ წამეკითხა საქართველოს შესახებ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩდა, რადგან ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვებოდა.
90 – იანი წლების დასაწყისში საქართველოში მოგზაურობას ვგეგმავდი, თუმცა ომმა ხელი შემიშალა. ათწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოში 2002 წელს პირველად ჩამოვედი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქართველების სიყვარულმა ენისა და ლიტერატურის მიმართ, წიგნების სიმრავლემ ოჯახებში, მივარდნილ სოფელში, მთებში, ასეთ რამეს ჩვენთან ვერ ნახავთ.
რამ გადაგაწყვეტინათ, ჩართულიყავით გერმანიასა და საქართველოს შორის ლიტერატურულ ურთიერთობში?
ქართული ლიტერატურა განსაკუთრებულია, ამიტომ, გამიჩნდა სურვილი საქართველოსა და გერმანულენოვან სამყაროს შორის ლიტერატურული ურთიერთობები გამომეცოცხლებინა. 2004 წელს თბილისში კვლევა ჩავატარე და ციურიხის უმაღლესი სასწავლებლის კულტურის მენეჯმენტის სფეროში დავწერე სადიპლომო ნაშრომი - “ქართული ლიტერატურული წიგნის ბაზრობა და საქართველოსა და გერმანულენოვან სამყაროს შორის გაცვლის შესაძლებლობები”.
დღეს გერმანულენოვან ქვეყნებში ექსკლუზიურად წარმოვადგენ სამ ქართულ გამომცემლობას (დიოგენე, სიესტა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და მათ ავტორებს გერმანულენოვან სამყაროში. აგრეთვე, წარმოვადგენ გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ავტორს, ნინო ხარატიშვილს, რომელიც გერმანულ ენაზე წერს და ჭაბუა ამირეჯიბს. ვცდილობ, გერმანელ გამომცემლებს დათა თუთაშხია გავაცნო და დავაინტერესო.
როგორც ვიცი, თქვენი დახმარებით, პირველად გერმანულ ენაზე გამოიცა აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”? რატომ აკა მორჩილაძე?
2004 წელს გავიცანი გიორგი ახვლედიანი და სანტა ესპერანსა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. დღეს, უკვე ჩემი საყვარელი მწერალია. 2009 წელს ბერლინში ითარგმნა აკა მორჩილაძის ესე - „ბათუმი“ ანთოლოგიაში “Oდესსა თრანსფერ”. რაც შეეხება “სანტა ესპერანსას”, მისით გამომცემლობა პენდო- აღფრთოვანდა და წიგნის გამოცემის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ეს იყო პირველი ქართული წიგნი, რომელიც ჩემი ძალისხმევით გერმანულად ითარგმნა. თუმცა, მოგვიანებით პროგრამა შეცვალეს და ამჟამად აკა მორჩილაძისთვის სხვა გამომცემლობას ვეძებ. სამწუხაროდ, ასეთი ამბავი ხშირად ხდება გერმანულენოვან წიგნის ბაზრობაზე.
რამდენად გაგიჭირდათ, დაგერწმუნებინათ გერმანელი გამომცემლები, ეთარგმნათ და გამოეშვათ ქართული ლიტერატურის თარგმანები?
გეთანხმებით, ადვილი არ არის. გერმანულენოვანი გამომცემლები ფრთხილი და თავშეკავებული არიან. ქართული მხატვრული ლიტერატურა დასავლეთში უცნობია და სარისკო. თარგმნა ისეთი ენიდან, როგორიცაა ქართული, დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ძვირია.
გერმანულენოვან სამყაროში ლიტერატურის თითქმის არცერთ რედაქტორს, გამომცემელს, აგენტს არ ესმის ქართული. გარდა ამისა, თითზე ჩამოსათვლელია ქართულიდან გერმანულად მთარგმნელი. რაც შეეხება ქართულ ლიტერატურას გერმანული წიგნის ბაზრობაზე, ყველაფერი წინ გვაქვს, დიდი მოთმინება გვჭირდება, ნათქვამია, ზღვა კოვზით დაილიაო.
ქართულ ლიტერატურის ორიგინალში წაკითხვა რთული არ არის? 5 წელია ქართულ ენას ვსწავლობ. ციურიხში ქართველი მასწავლებელთან კვირაში ერთხელ დავდივარ. სამეცადინოდ დრო თითქმის არ მაქვს. ამიტომ წინსვლა არც ისე სწრაფია, როგორც მინდა. პრაქტიკა მაკლია და თავისუფლად ლაპარაკი მიჭირს. ამიტომ, როცა თბილისში ვარ, იქაც გაკვეთილს ვიღებ. ძალიან მიხარია, რომ თანდათან შემიძლია ორიგინალში კითხვა. თუ კარგად მახსოვს, პირველად, აკა მორჩილაძის “სხვა” წავიკითხე.
ახლა, საქართველოში აგენტობის მიღმა თქვენს მოღვაწეობაზე ვისაუბროთ, წიგნების გარდა, კიდევ რა გიყვართ საქართველოში?
საქართველოში მიყვარს ურთიერთობები ადამიანებთან, შვეიცარიაში ცოტა მიზანტროპი ვარ. მიყვარს აქაური ადამიანების, უბრალო გამვლელების ღია, არა ცივი, არც აბეზარი გამოხედვა. სხვა ადამიანი ვარ საქართველოში, ჩემს თავს უფრო მოვწონვარ. ვფიქრობ, რომ ძალიან ქართული თვისებაა, როცა სტუმრების სიამოვნებაზე ზრუნავ.
და უარყოფითი თვისებები შეამჩნიეთ?
როგორც ჩანს, შურისა და წუწუნის რაღაც ტენდენცია არსებობს ქართულ საზოგადოებაში. მე ვერ ვიტან ძვირის თქმას საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, შურის, ან ეჭვიანობის გამო სხვა ოჯახის, კლანის წარმომადგენლის წარმატებაზე. ერთ მეგობართან ამ მიზეზის გამო ურთიერთობა გავწყვიტე.
თბილისში თქვენი არასამუშაო ვიზიტი როგორია?
საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლის ყველაზე მთავარი მიზეზი ჩემი მეგობრები არიან. მშვენიერია, რომ ისინი მაცნობენ თავის მეგობრებს, რომლებიც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჩემი მეგობრების წრე ქსელივით ფართოვდება. ძალიან მენატრებიან შვეიცარიაში.
თქვით, რომ თბილისში უფრო ჰუმანური ხართ, გარემო გიქმნით განწყობას, საყვარელ უბნებს სტუმრობთ?
ქუჩებში ხშირად ვსეირნობ, ვაკის პარკიდან აბანოსუბნამდე, დინამოს სტადიონიდან ბარათაშვილის ხიდამდე. მიყვარს პურის მოედანი, უზნაძის ქუჩა, ბოტანიკური ბაღი, ლიტერატურლი კაფეები, ხინკლის სახლი ყოფილი ანდროპოვის ყურების უკან. ლეონიძეის ქუჩაზე მდებარე პატარა საშაქარლამე.
ტკბილეული გყვარებიათ, ქართულ სამზარეულო გხიბლავთ?
საერთოდ, მიყვარს ქართული სამზარეულო. საქართველოში ხილი, ბოსტნეული, ხორცი, მწვანილი, ყველაფერს უფრო კარგი გემო აქვს. თავად, კარგი მზარეული ვარ და ჩემი სტუმრებისთვის ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს - ჩაქაფული, ფხალი დ.ა.შ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მხოლოდ ცომეულს ვერ ვამზადებ. ძალიან მომწონს დიდი ბაზარი ვაგზლის მოედანზე, განსკუთრებით მრავალფეროვანია, იმედი მაქვს, ასეთი ბაზრები სტილს არ შეიცვლის. საქართველოში შოპინგის სურვილი არ მაქვს, თუმცა თუ ლამაზი ფეხსაცმლის მაღაზიას აღმოვაჩენდი, ცდუნებას ვერ გავუძლებდი.
საქართველოში ხშირად ჩამოსვლა და ისევ შვეიცარიაში დაბრუნება გიწევთ,
ყველაზე ხშირად, თქვენს ქვეყანაში რა მიგაქვთ? წიგნები, წიგნები და წიგნები! ნიგოზი, სუნელები.
ქართულ მუსიკასა და კინოზე რა აზრის ხართ?
_არც მუსიკის მცოდნე ვარ, არც - მომღერალი. მიყვარს პოლიფონიური სიმღერა და “თბილისურები”. ქართული ფილმები შვეიცარიაში ვნახე, ძალიან მიყვარს “იყო შაშვი მგალობელი”.
განტვირთვის საშუალებას არ აძლევთ საკუთარ თავს? მაგალითად: სპორტით ხართ გატაცებული, ან უცნაური ჰობი გაქვთ.
სპორტი არ მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ზაფხულში ქალაქი ბერნის მდინარეში ცურაობა ძალიან მიყვარს. საერთოდ, სიტყვა – ჰობი არ მომწონს. თუ რამემ გამიტაცა, სულით და გულით ვარ გატაცებული. ალბათ, ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, რომ მხოლოდ, მცირე ნაწილს აქვს შესაძლებლობა, აკეთოს ის, რაც მის გულს გაეხარდება და თან, ამ საქმიანობიდან ჰქონდეს შემოსავალი.
ყოველ შემთხვევაში, მე ამ ბედნიერებას მოკლებული ვარ, ამიტომ, იძულებული ვარ, ის, რაც მე მსიამოვნებს, ჩემი ძირითადი სამუშაოს პარალელურად ვაკეთო. ამიტომ ჩემს ამ საქმიანობას (ლიტერატურასთან დაკავშირებით) ჰობის ვერ დავარქმევ, არამედ ჩემთვის აუცილებელ გატაცებას.