იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, "ქართული ოცნება" არის რესურსის მქონე პარტია, ეს არის პარტია, რომელმაც 4 წლის მანძილზე, ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობისა და მშვიდობის პირობებში ამყოფა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" არის პარტია, რომლის მთავრობამაც 4 წლის მანძილზე, გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა არა ერთმა მთავრობამ წარსულში.
"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზოგიერთი ოპონენტისთვის, "ქართული ოცნება" არის რესურსის მქონე პარტია, ეს არის პარტია, რომელმაც 4 წლის მანძილზე, ოკუპირებული ქვეყანა სტაბილურობისა და მშვიდობის პირობებში ამყოფა. ეს არის პარტია, რომელმაც საქართველო რეგიონული და მსოფლიო კონტექსტის მიუხედავად, ამყოფა განვითარების გზაზე, და ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, შეაყენა განვითრების სწორ გზაზე, პროგრესის გზაზე, ძალიან ბევრი რამ გააკეთა და მე პირდაპირ ვიტყვი, "ქართული ოცნება" არის პარტია, რომლის მთავრობამაც 4 წლის მანძილზე, თუ მთავრობებმა სხვადასხვა შემადგენლობით, გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ერთად აღებულმა არა ერთმა მთავრობამ წარსულში, ეს გახლავთ რესურსიანი "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური მმართველი პარტია.
ამიტომაც, თუ რომელიმე მინისტრი, (რესპუბლიკური" პარტიიდან", ან უპარტიო მინისტრი, როგორიც მე გახლავართ) იქნებოდა შეცვლილი, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას", როგორც რესურსიან პარტიას, ექნება იმის საშუალება, რომ არანაკლებ კონკურენტული კადრი დაასახელოს შემცვლელად", - განაცხადა წულუკიანმა მინისტრების შესაძლო შეცვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი და თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი მთავრობის სხდომას არ ესწრებიან.
"რესპუბლიკელი" მინისტრების პრესსამსახურში მიზეზებს განმარტავენ.
პაატა ზაქარეიშვილის ნაცვლად, დღევანდელ სხდომას "გადაუდებელი მიზეზის" გამო მისი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი ესწრება.
პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს არ უკავშირდება მინისტრის მიერ პოსტის შესაძლო დატოვებას და ის "ჯერჯერობით," თანამდებობაზე რჩება.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, როგორც ცნობილია, სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში, თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, "რესპუბლიკელებმა" პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობს დატოვებენ, გიგა აგულაშვილი კი პარტიას ტოვებს და მმართველ გუნდში რჩება.
ამავე პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ პრემიერთან რამდენიმე დღეში გაიმართებოდა შეხვედრა. ეს გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა გაახმაურა. ამასთან, გაკეთდა განმარტება, რომ ხიდაშელი თანამდებობას აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დატოვებდა.