დღემდე ვერ მოვისმინეთ მოსამართლეებისგან განცხადება, ვისზე ხორციელდება ზეწოლა

დღემდე ვერ მოვისმინეთ მოსამართლეებისგან განცხადება, ვისზე ხორციელდება ზეწოლა

იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადებით, არც ერთი მოსამართლის მხრიდან გაკეთებულა განცხადება, რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ, რა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები.

"მიხარია და მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოსამართლეებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, მათ გაუჩნდათ დროც იმისთვის, რომ პროკურატურასთან პირდაპირი კავშირი დაამყარონ. ასევე საგამოძიებო ორგანოებს მისცენ საშაულება, მიიღონ ინფორმაცია, რომელზეც, სავარაუდო ზეწოლის სახით საუბრობს ბატონი გიორგი პაპუაშვილი. დღემდე ჩვენ ვერ მოვისმინეთ ჯერჯერობით, ვერც ერთი მოსამართლის განცხადებას, თუ რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ, რა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები", - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პროკურატურაში მივა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციას მიიღებენ საგამოძიებო ორგანოები და შეძლებენ, ეფექტურად წარმართონ გამოძიება. დიდი იმედი მაქვს, მისი კოლეგების მსგავსად, ბატონი გიორგი პაპუაშვილიც მივა საგამოძიებო ორგანოში, რადგან როგორც ჩანს ის, არის ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი ადამიანი, ვინც უნდა ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელზეც საჯარო განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან ერემაძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, გამოძიება დაიწყო მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, 27 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერი შეხვდა გიორგი პაპუაშვილს. აუდიენციის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ალბათ, მთავარ პროკურორს უახლოეს მომავალში შეხვდება.